პრაიდის თვეში ტეილორ სვიფტმა ახალი კლიპი გამოუშვა, სიმღერაზე You Need To Calm Down (უნდა დამშვიდდე).

ვარსკვლავებით დახუნძლულ მუსიკალურ ვიდეოში ამერიკელი პოპვარსკვლავი უამრავ პრობლემას ეხება — მათ შორისაა ჰომოფობია, ონლაინ-ბულინგი და სიძულვილის ენა. ვიდეოში ვხედავთ ელენ დეჯენერესს, ადამ ლამბერტს, რაიან რეინოლდს, ბილი პორტერს და სხვებს.

დასაწყისში სვიფტს, რომელსაც ფურგონის ფერადი სახლი აქვს და საოცარ სამეზობლოში ცხოვრობს, დილის 7 საათზე სიძულვილით სავსე ტვიტი ხვდება უცნობისგან, რომელიც ხანძარს იწვევს. მის საპასუხოდ მომღერალი გასაბერ აუზში წვება და ყველას ურჩევს, რომ "დამშვიდდეს".

სვიფტის კლიპში ორი კატეგორიის ადამიანებს ვხედავთ: მათ, ვინც ფერად სამყაროში ბედნიერად ცხოვრობენ, და ასევე მათ, ვინც "ბნელ საუკუნეებში" ყოფნას ირჩევს და წინა კატეგორიის ადამიანების წინააღმდეგ სიძულვილით ირაზმება.

"სამყარო ადამი და ევასთვის არის და არა ადამი და სტივისთვის", — წერია ჰომოფობის ბანერზე, რომელსაც ის ალბათ "მთელი ღამე აკეთებდა".

მუსიკოსმა ცოტა ხნის წინ ინტერვიუში თქვა, რომ ვიზუალურ ეფექტებსა და მინიშნებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ისინი ხშირად დამატებით სათქმელს ამბობენ.

მაგალითად ამ კადრში, შეცდომით დაწერილი "Morans" (Morons - სულელები), სვიფტის კიდევ ერთი თვალის ჩაკვრაა ჰეითერების მიმართ.

კლიპში ასევე ვხედავთ ლგბტ თემის წევრებს, რომლებიც ცნობილი მუსიკოსებივით არიან გამოწყობილნი და პოპ დედოფლის კონკურსში მონაწილეობენ.

"We all got crowns / ჩვენ ყველას გვაქვს გვირგვინი", — მღერის სვიფტი.

მაყურებელს კლიპის ყველაზე დიდი სიურპრიზი მის დასასრულს ელის. ტეილორ სვიფტი, რომელიც ტორტების ნაჭრების ომში, ფრის ფორმაში გამოწყობილი, მოწყენილი დააბიჯებს, ასევე დასევდიანებულ ბურგერს, კეტი პერის გადააწყდება. მომღერლები ერთმანეთს ეხუტებიან და ქაოსში მშვიდობა ისადგურებს.

"ჰეფი მილი", — წერს სვიფტი ინსტაგრამზე.

ვიდეოს ბოლოს სვიფტი ფანებს მოუწოდებს თანასწორობის აქტს მოაწერონ ხელი. ონლაინ პეტიციას, რომელიც ამერიკის მოქალაქეების თანასწორობას და ლგბტ პირების დაცვას კანონის დონეზე ითხოვს, თითქმის 200 ათასი მხარდამჭერი ჰყავს.

You Need To Calm Down სვიფტის მეშვიდე სტუდიური ალბომის მეორე სინგლია. ალბომი, სახელად Lover 23 აგვისტოს გამოდის.