ახალი კანონის მიხედვით, იაპონიაში 200 გრამზე უფრო მძიმე დრონის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისას, შესაძლოა, ერთი წლით ციხეში მოხვდეთ, გარდა ამისა, ჯარიმის სახით დაახლოებით $2 750-ის გადახდაც მოგიწევთ.

დრონის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გარდა, დასჯადი გახდა, მაგალითად, დრონით ხალხთან სწრაფად მიახლოება და მათთვის საფრთხის შექმნაც. ამ შემთხვევაში დრონის მმართველი $4 600-ით დაჯარიმდება.

იაპონია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დრონებს შეზღუდვებს უწესებს. იანვარში კანადის ტრანსპორტის სამინისტრომ დრონებს აეროპორტებთან და საგანგებო შემთხვევის ადგილებთან მიახლოება აუკრძალა. ასევე აიკრძალა დრონის მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იაპონიაში დრონებთან დაკავშირებული არაერთი ინციდენტი მოხდა. მაგალითად, 2017 წელს ერთ-ერთ ფესტივალზე დრონს ბავშვებისთვის კანფეტები უნდა გადმოეყარა, თუმცა სანაცვლოდ ის ხალხში ჩამოვარდა, რამაც ექვსი ადამიანის დაზიანება გამოიწვია.

2015 წელს კი დრონი, რომელიც კამერითა და გაურკვეველი სითხის შემცველი ბოთლით იყო აღჭურვილი, იაპონიის პრემიერ მინისტრის ოფისის სახურავზე დაჯდა. შესაბამისმა სამსახურებმა კი დრონზე რადიაციის კვალი აღმოაჩინეს. თუმცა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.