მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე მედიასთან განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფინანსურ შეთანხმებას ხელი ხვალ მოეწერება.

"თანხა გამოიყოფა ინოვაციების, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში. ეს ამავე დროს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილს, რომელსაც ჰქვია ადამიანური კაპიტალის გაზრდა საქართველოში" — განაცხადა ბახტაძემ.

მანვე განმარტა, რომ მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად ყველა ქვეყანაში ზომავს ადამიანური კაპიტალის ინდექს. მისი თქმით, ეს პროცესი პირდაპირ კავშირშია 21-ე საუკუნეში საქართველოს კონკურენტუნარიანობასთან და ამ კუთხით ამბიციური გეგმები აქვთ.

"პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები. პროექტში მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული იმ მოსწავლეებზე, რომლებიც სწავლობენ მთიან რეგიონებსა და სოფლებში, მათ შორის ცალკეპროგრამა არის ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში მცხოვრები მოსწავლეების მხარდასაჭერად", — განაცხადა ბახტაძემ.