"რაინდი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ყველა ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, რეაგირება სამინისტროს მხრიდან იქნება მკაცრი", — ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"იმუნიტეტით ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ ისარგებლებს, მითუმეტეს, როდესაც ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც წესი აქვს კანონდარღვევებზე ადეკვატური რეაგირება. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც კანონს არღვევენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო უწყებების მსგავსი ფუნქციების რაიმე ტიპის ე.წ. ფორმირებების და წარმონაქმნების შექმნის ნებისმიერი მცდელობა, ისევე, როგორც ხელმძღვანელობა და გაწევრიანება, ისჯება კანონით და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით".

ლევან ვასაძემ თავის ორგანიზებულ "ნამდვილი კაცების" აქციაზე მხარდამჭერებს ძალადობისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ პოლიციას თუ არ "ეყოფა ჭკუა" და კორდონს ჩადგამს მათსა და თბილისი პრაიდის მონაწილეებს შორის, მაშინ მხარდამჭერებთან ერთად მას კომბლებით შეიარაღებული გაარღვევს. ასევე, ვასაძემ სახალხო ლეგიონი დააანონსა, რომელიც ლგბტ პირებს ხელების ქამრით შეკვრითა და ყურის აწევით ემუქრება.

ამ საკითხებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ გამოძიება არ დაუწყია. როგორც On.ge-ს განუცხადეს, თუ უწყებას განცხადება ექნება, თავად გაავრცელებენ.