ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე ლევან ვასაძის ძალადობრივ მოწოდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ "მოფაშისტო ბრბომ" და "აგრესიულმა მღვდლებმა" ხელისუფლებას დამამცირებელი დარტყმა მიაყენეს. ამის შესახებ დეპუტატმა On.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, შესაბამის უწყებებს რეაგირება არ აქვს ორი მიზეზის გამო:

  1. მოშლილია ქვეყანაში მართვის ვერტიკალი და რეალურ ძალაუფლებას არცერთი ოფიციალური პირი არ თმობს;
  2. ეს აგრესიული ჯგუფები მათი შექმნილი და გამოზრდილია ოპოზიციის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, რომლებმაც შეიძინეს ავტონომია.

გოცირიძე ამბობს, რომ ძალის გამოყენების ექსკლუზიური უფლება აქვს სახელმწიფოს და მას მოძალადის წინააღმდეგ უნდა იყენებდეს.

"როდესაც არაკანონიერი ფორმირებების შექმნას აანონსებენ, საქართველოს კანონი კრძალავას არაკანონიერ ფორმირებებს. არ არის სავალდებულო, რომ არაკანონიერი ფორმირება იარაღით იყოს შეიარაღებული, სხვათაშორის, კომბალიც, ასევე, იარაღია", — განაცხადა გოცირიძემ.

დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლებას გაურთულდება ამ პროცესის მართვა, განსაკუთრებით ამ ჯგუფებთან საპატრიარქოს კავშირის გამო. მისი თქმით, ამ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, საბოლოოდ, ცხადყო, რომ "ივანიშვილის ხელისუფლება დასრულდება".

გოცირიძემ აღნიშნა ისიც, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის აქამდე გაკეთებული განცხადებები პრაიდთან დაკავშირებით სამარცხვინოა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არის მედიატორი დამნაშავეებსა და დანაშაულის მსხვერპლს შორის, რაც არასწორია, რადგან ლგბტ პირებს აქვთ უფლება იცხოვრონ დევნისა და შიშის გარეშე.

ლევან ვასაძე თავის ორგანიზებულ "ნამდვილი კაცების" აქციაზე ძალადობრივ მოწოდებებს ავრცელებდა და მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა. ვასაძე ემუქრებოდა ლგბტ პირებს, სამართალდამცავებს, დიპლომატებს, უცხოელ სტუმრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ის ამბობდა, რომ პოლიციას თუ არ "ეყოფა ჭკუა" და კორდონს ჩადგამს, მაშინ მხარდამჭერებთან ერთად მას კომბლებით შეიარაღებული გაარღვევს. ასევე, ვასაძემ დააანონსა "სახალხო ლეგიონის" შექმნა, რომელიც ლგბტ პირებს ხელების ქამრით შეკვირთა და ყურის აწევით ემუქრება.

ამ საკითხებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ გამოძიება არ დაუწყია. როგორც On.ge-ს განუცხადეს, თუ უწყებას განცხადება ექნება, თავად გაავრცელებენ.