ევროპული საქართველო ლევან ვასაძის მიერ ძალადობისა და დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბოლო დღეების მანძილზე "პუტინისტური და ექსტრემისტული ჯგუფების" მხრიდან გრძელდება უკანონო მოქმედებებისკენ მოწოდებები, რაც ძალადობის მყისიერ საფრთხეს ქმნის. პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დროულად დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა.

პარტიის განცხადებით, ხელისუფლების უმოქმედობა, ამ დანაშაულის თანამონაწილეობას უდრის. მათი თქმით, ასეთი მოწოდებები, საქართველოს გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით დაცული არაა.

"ეს ჯგუფი არამარტო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას აპირებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების ჩანაცვლებასაც გეგმავს, რაც კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას გამოიწვევს, ეს კი მტრული სახელმწიფოს ინტერესებშია. ამ ძალების უკან რუსეთის სახელმწიფო დგას, რომლის ინტერესიცაა ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის მოშლა", — აცხადებს ევროპული საქართველო.

ლევან ვასაძე თავის ორგანიზებულ "ნამდვილი კაცების" აქციაზე ძალადობრივ მოწოდებებს ავრცელებს და მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. ვასაძე ემუქრება ლგბტ პირებს, სამართალდამცავებს, დიპლომატებს, უცხოელ სტუმრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ის ამბობს, რომ პოლიციას თუ არ "ეყოფა ჭკუა" და კორდონს ჩადგამს, მაშინ მხარდამჭერებთან ერთად მას კომბლებით შეიარაღებული გაარღვევს. ასევე, ვასაძე ლგბტ პირებს ხელების ქამრით შეკვრითა და ყურის აწევით ემუქრება.