პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პოლიტიკოსები თბილისი პრაიდის საკითხებში ერევიან, რაც არ შეიძლება. მისი თქმით, ამით ისინი სახელმწიფოს დააზიანებენ.

"ხელისუფლებაც და ჩვენ ყველანიც კარგად უნდა მოვიქცეთ. დაპირისპირების პროვოცირება არ შეიძლება", — განაცხადა იაკობმა TV პირველთან საუბრისას.

მეუფე აცხადებს, რომ არ დაუშვებს ღირსების მარში ჩატარებას. "რა შუაშია კონსტიტუცია", — ამბობს ის და იმუქრება, რომ ქუჩებს გადაკეტავენ და ხალხის ძალას დაანახებენ ხელისუფლებას.

ეს პირველი მუქარა არ არის მეუფე იაკობის მხრიდან ხელისუფლების მისამართით. მარიხუანის სამედიცინო მიზნით მოყვანის კანონპროექტის წარდგენისას მან განაცხადა, რომ ქვეყნის ღალატს მთავრობას არავინ აპატიებს. მისი თქმით, ეკლესია სახელმწიფოს დაუპირისპირდებოდა და აუცილებლად დაანახებდა მათ ძალას.

ის ღიად უპირისპირდებოდა შინაგან საქმეთა მინსიტრ გიორგი გახარიასაც. მისი თქმით, შს მინისტრს პრემიერობის უფლებას არ მისცემდა. ამის მიზეზად კი პირად უთანხმოებას ასახელებდა.