პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი, რომელმაც კანცელარიასთან გამართული კონტრაქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ამტკიცებს, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები მოძალადეები არიან. ამის შესახებ მან TV პირველთან ისაუბრა.

"არ შეიძლება, რა, ასე ერთმანეთის ნერვებზე. ეს არის ძალადობა მათი მხრიდან, პრაიდი ქვია თუ რა ქვია. არიან მოძალადეები ჩვეულებრივი და მორალურ ტერორში ამყოფებენ ხალხს. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და მიხვდებიან, რომ ასე არ უნდა დაუპირისპირდნენ ხალხს", — განაცხადა იაკობმა.

მისი თქმით, მიმდინარე მოვლენებში ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. ქართული მარშისა და სხვა ჰომოფობიური ჯგუფების მსგავსად ის ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ლგბტ თემსა და პრაიდის ორგანიზატორებს ეკისრებათ.

რამდენიმე დღის წინ მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ქუჩებს გადაკეტავენ და ხალხის ძალას დაანახებენ ხელისუფლებას, რომელიც ლგბტ თემს ალყაში ყავს.

"ერთი რამე იცოდეთ, არავის ჩავატარებინებთ მაგას... რა შუაშია კონსტიტუცია, მე რამეს ვარღვევ? შეიკრიბონ იმაში რა", — აცხადებდა მეუფე იაკობი.

14 ივნისს კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილეები შეურაცხყოფას აყენებდნენ, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს. ისინი კვერცხებს, ბოთლებსა და ბურთებს ისროდნენ და ჰქონდათ მცდელობა ჟურანლისტებსა და აქტივისტებზე თავდასხმის. პოლიციამ კონტრაქციაზე 28 ადამიანი დააკავა.