"საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და მისი მომავალი კრემლიდან არ განისაზღვრება", — ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ჟურნალისტის დასმულ კითხვას გრიგორი კარასინის განცხადებების შესახებ.

პრემიერის თქმით, რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში პროპაგანდით ცდილობს შექმნას განცდა, რომ ვეტოს უფლება საქართველოს საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით სწორედ მას აქვს. მისი თქმით, "ეს დრო ჩაბარდა წარსულს".

"ჩვენმა ერმა გააკეთა თავისი ცივილიზაციური არჩევანი,რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და საქართველოს სტრატეგიულ პარტნირობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამ სამი მიმართულებით ჩვენ ვართ წარმატებულები... ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს არის სწორედ რუსული პროპაგანდის ნაწილი", — განაცხადა ბახტაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს.

"აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღება. ეს ჩვენთვის არათუ შემაშფოთებელია, რაც ძალიან რბილ ნათქვამს წარმოადგენს, არამედ იგი, ჩვენი აზრით დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე", — აღნიშნა კარასინმა. მისივე თქმით, ორმხრივ ურთიერთობების ატმოსფეროს, ის არაა მარტივი.