პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ როცა მოქალაქეთა ორი დიდი ჯგუფი ერთმანეთს უპირისპირდება, ხელისუფლებას მხოლოდ ერთადერთი როლის შესრულება — შუაში ჩადგომა და მხარეების აგრესიისგან დაცვა შეუძლია. მისივე თქმით, ზუსტად ასე მოხდა გუშინ. ამის შესახებ კობახიძემ TV იმედის ეთერში განაცხადა.

"მადლობა უნდა გადავუხადოთ თითოეულ პოლიციელს, შსს-ს და მინისტრს, რომლებმაც მნიშვნელოვან როლი შეასრულეს ამ პროცესში და ვითარების განმუხტვაში... ბუნებრივია, შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ საკუთარი პოზიცია ერთი ან მეორე მოსაზრების მიმართ, მაგრამ ხელისუფლებას არ აქვს მოსაზრებების შეფასების უფლება, ვიდრე ისინი ჯდება კანონის ჩარჩოებში", — თქვა კობახიძემ.

გუშინ, 14 ივნისს, 7 საათზე, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო კონტრაქციაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა სიძულვილის შემცველი, ღირსების შემლახავი და ჰომოფობიური განაცხადები. კონტრაქციის მონაწილეები აგინებდნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს და ემუქრებოდნენ მათ.

რამდენიმე ფაქტზე პოლიციას არათუ დროული, რეაგირება საერთოდ არ ჰქონია. მაგალითად, ნეტგაზეთის ჟურნალისტს სამართალდამცავების თვალწინ წაართვა და დაუგდო კონტრაქციის მონაწილემ ტელეფონი. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ჟურნალისტმა მოუწოდა პოლიციას რეაგირებისკენ, თუმცა უშედეგოდ. ასევე, პოლიციამ მოუწოდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გაცლოდა ტერიტორიას, როცა მას შეურაცხყოფას აყენებდნენ იმ მოტივით, რომ კონტრაქციის მონაწილეები "ღიზიანდებოდნენ".

ასევე, ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი ღიად აცხადებდა, რომ თუ აქტივისტები არ დაიშლებოდნენ, რომ მათ ძალით გაიყვანდნენ. ეს განცხადება მან პოლიციის გარემოცვაში გაავრცელა. გარდა ამისა, აქციის დასასრულს რამდენიმე პირი, რომელიც მისდევდა აქტივისტ ნატა ფერაძეს იძახდა "დაამტვრითე", "მოკალით". მართალია პოლიციამ აქ რამდენიმე პირი დააკავა, მაგრამ დაუმორჩილებლობისა და ფერაძეზე თავდასხმის მცდელობისთვის.

კონტრაქცია პარლამენტთან ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები იკრიბებობდნენ. ისინი საპატრიარქოს განცხადებას აპროტესტებდნენ პრაიდის შესახებ და მთავრობას პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდნენ.