მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიური აქციის დროს დაკავებული პირებიდან სამს 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. აქციაზე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით სულ 28 პირი დააკავეს, მათგან 21-მა პირმა პოლიციის განყოფილება ხელწერილის საფუძველზე გუშინ ღამით დატოვა, შვიდი კი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

გუშინ, 14 ივნისს, 7 საათზე დაწყებულ აქციაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა სიძულვილის შემცველი, ღირსების შემლახავი და ჰომოფობიური განცხადები. კონტრაქციის მონაწილეები აგინებდნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს და ემუქრებოდნენ მათ.

რამდენიმე ფაქტზე პოლიციას არათუ დროული, რეაგირება საერთოდ არ ჰქონია. მაგალითად, ნეტგაზეთის ჟურნალისტს სამართალდამცავების თვალწინ წაართვა და დაუგდო კონტრაქციის მონაწილემ ტელეფონი. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ჟურნალისტმა მოუწოდა პოლიციას რეაგირებისკენ, თუმცა უშედეგოდ. ასევე, პოლიციამ მოუწოდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გაცლოდა ტერიტორიას, როცა მას შეურაცხყოფას აყენებდნენ იმ მოტივით, რომ კონტრაქციის მონაწილეები "ღიზიანდებოდნენ".

ასევე, ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი ღიად აცახდებდა, რომ თუ აქტივისტები არ დაიშლებოდნენ, რომ მათ ძალით გაიყვანდნენ. ეს განცხადება მან პოლიციის გარემოცვაში გაავრცელა. გარდა ამისა, აქციის დასასრულს რამდენიმე პირი, რომელიც მისდევდა აქტივისტ ნატა ფერაძეს იძახდა "დაამტვრითე", "მოკალით". მართალია პოლიციამ აქ რამდენიმე პირი დააკავა, მაგრამ დაუმორჩილებლობისა და ფერაძეზე თავდასხმის მცდელობისთვის.

კონტრაქცია პარლამენტთან ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები იკრიბებობდნენ. ისინი საპატრიარქოს განცხადებას აპროტესტებდნენ პრაიდის შესახებ და მთავრობას პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდნენ.