საქართველოს სახალხო დამცველი 14 ივნისს კანცელარაისთან გამართულ აქციასა და კონტრაქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია თანამდებობის პირებმა, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებისა, საჯარო განცხადებებით დაგმონ ძალადობა. ომბუდსმენის თქმით, პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია.

"ტოლერანტობა და განსხვავებულის პატივისცემა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ სამართლებრივი წესრიგი, რასაც საფრთხეს უქმნის მსგავსი ჯგუფების გაძლიერება", — განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან ჩადენილი არაერთი სამართალდარღვევა საგამოძიებო ორგანოთა მხრიდან დამატებით დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტებზე თავდასხმასა და მათი პროფესიული საქმიანობის ხელშეშლაზე; ძალადობასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარაზე აქციის მონაწილეობისა და მისი მოადგილის მიმართ.

გარდა ამისა, გუშინ ლომჯარია გამოეხმაურა საპატრიარქოს განცხადებასაც, რომლითაც მათ მოუწოდეს სახელმწიფოს, რომ არ დაეშვათ თბილისი პრაიდი. ლომჯარიას თქმით, განცხადებაში დაინახა, რომ ისინი ძალადობას ემიჯნებიან. მისი თქმით, საპატრიარქო დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის პოზიციასაც ვერ შეაფასებს. სწორედ საპატრიარქოს განცხადების შემდეგ დაგეგმეს აქტივისტებმა საპროტესტო აქცია.

აქცია და კონტრაქცია კანცელარიასთან

გუშინ, 14 ივნისს 7 საათზე დაწყებულ აქციაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა სიძულვილის შემცველი, ღირსების შემლახავი და ჰომოფობიური განცხადები. კონტრაქციის მონაწილეები აგინებდნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს და ემუქრებოდნენ მათ.

რამდენიმე ფაქტზე პოლიციას არათუ დროული, რეაგირება საერთოდ არ ჰქონია. მაგალითად, ნეტგაზეთის ჟურნალისტს სამართალდამცავების თვალწინ წაართვა და დაუგდო კონტრაქციის მონაწილემ ტელეფონი. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ჟურნალისტმა მოუწოდა პოლიციას რეაგირებისკენ, თუმცა უშედეგოდ. ასევე, პოლიციამ მოუწოდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გაცლოდა ტერიტორიას, როცა მას შეურაცხყოფას აყენებდნენ იმ მოტივით, რომ კონტრაქციის მონაწილეები "ღიზიანდებოდნენ".

ამავე მოტივით მოთხოვა ტერიტორიის დატოვება პოლიციამ ომბუდსმენის მოადგილესაც, რომელსაც კონტრაქციის მონაწილეები დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. დაგიამხსოვრებთ", "დაგერხა" იმუქრებოდნენ ისინი .

ასევე, ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი ღიად აცახდებდა, რომ თუ აქტივისტები არ დაიშლებოდნენ, რომ მათ ძალით გაიყვანდნენ. ეს განცხადება მან პოლიციის გარემოცვაში გაავრცელა. გარდა ამისა, აქციის დასასრულს რამდენიმე პირი, რომელიც მისდევდა აქტივისტ ნატა ფერაძეს იძახდა "დაამტვრითე", "მოკალით". მართალია პოლიციამ აქ რამდენიმე პირი დააკავა, მაგრამ დაუმორჩილებლობისა და ფერაძეზე თავდასხმის მცდელობისთვის.

კონტრაქცია პარლამენტთან ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები იკრიბებობდნენ. ისინი საპატრიარქოს განცხადებას აპროტესტებდნენ პრაიდის შესახებ და მთავრობას პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდნენ.