"მე ვარ ყველასი პრეზიდენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ მე ვარ ამავე დროს პრეზიდენტი იმ ადამიანების, რაც უნდა იყოს მათი რელიგიური მიმართულება, მათი სექსუალური ორიენტაციის", — ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ კანცელარიასთან განვითარებულ მოვლენებს. თუმცა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ არ ეთანხმება დაპირისპირების პროვოცირებას არცერთი მხრიდან.

"ამ ქვეყანას ეყოფა ის დაპირისპირებები რაც აქვს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. არ გვჭირდება გარედან მოტანილი დაკოპირებული დაპირისპირება", — განაცხადა მან.

გუშინ, 14 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ლგბტ აქტივისტებსა და თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს აქცია არ ჩაატარებინეს. ისინი აგრესიით გამოირჩეოდნენ, აგინებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურ დაპირისპირებას ცდილობდნენ აქტივისტებთან. ამავდროულად ამბობდნენ, რომ აქტივისტები მათ პროვოცირებას ცდილობდნენ. პროვოცირების მიზეზად კი იმას ასახელებდნენ, რომ არ იშლებოდნენ და საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძოდნენ.