თანასწრობის მოძრაობა თბილისი პრაიდისა და ღირსების მარშის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია თემის წევრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრიარქოსა და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს.

მიმართვა ლგბტ+ თემს

თანასწორობის მოძაობაში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ იმას, რომ პრაიდის საორგანიზაციო პროცესში ჩართული არ არიან. მათი თქმით, აღიარებენ ლგბტ+ თემის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ იაზრებენ იმ შედეგებს, რაც ღირსების მარშს შეიძლება მოყვეს.

"თანასწორობის მოძრაობა კარგად იაზრებს, რომ ლგბტ+ თემი არის მრავალფეროვანი და მის წევრებს აქვთ განსხვავებული პოზიციები და სტრატეგიები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, თბილისის პრაიდის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების პოზიციები. ჩვენ ვაღიარებთ ლგბტ+ თემის წევრებისათვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას, თუმცა ასევე, კარგად ვიაზრებთ თემის იმ ნაწილის პოზიციას, რომელიც ხილვადობის პოლიტიკის ალტერნატიული გზების ძიების აუცილებლობას ხედავს და ფართომასშტაბიანი აქციების გადააზრების ინიციატივით გამოდის", — ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, პრაიდის კვირეულში გააგრძელებენ სერვისების მიწოდებას. თუმცა ამბობენ, რომ რესურსების სიმწირის გამო, თავდასხმების რიცხვის ზრდასთან ერთად შესაძლოა ყველა შემთხვევას ვერ გაწვდნენ.

"აქედან გამომდინარე, გვსურს, მივმართოთ ლგბტ+ თემის წევრებს და მოვუწოდოთ იმ საფრთხეებისა და რისკების გაანალიზებისკენ, რომლის წინაშეც შესაძლოა პრაიდის კვირეულისა და მის შემდგომ პერიოდში აღმოჩნდნენ".

მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს

თანასწორობის მოძრაობაში აცხადებენ, რომ ლგბტ+ თემი წლებია ვერ სარგებლობს საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. მათი თქმით, შსს-ს განცხადება იმის თაობაზე, რომ ვერ დაიცავენ ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოებას, მხოლოდ და მხოლოდ ამწვავებს ამ ფაქტს.

ორგანიზაცია ამბობს, რომ თემის წევრების მიმართ ძალადობის შემთხვევები გაიზარდა, ამიტომ მოუწოდებს უწყებას შეასრულოს ვალდებულება და დაიცვას ლგბტ+ თემის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ამასთანავე, მოუწოდებს, უზრუნველყოს თემის წევრების მიმართ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია.

თანასწორობის მოძრაობას მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში და პროაქტიურად იმუშაოს ჰომოფობიური და ტრანსფობიური დამოკიდებულებების წინააღმდეგ, რათა ლგბტ+ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული ზოგადი ნეგატიური დამოკიდებულებები შეიცვალოს.

მიმართვა საპატრიარქოს

თანასწორობის მოძრაობა აცხადებს, რომ საპატრიარქოს განცხადება, რომელშიც ის მთავრობას მოუწოდებს ღირსების მარში არ დაუშვან, აღვივებს საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განწყობებს. ასევე ხელს უწყობს ძალადობასა და თავდასხმების ზრდას თემის წევრების მიმართ. ორგანიზაცია მოუწდოებს საპატრიარქოს შეწყვიტოს ლგბტ+ თემის წევრების დევნისა და სიძულვილის პროპაგანდა.

მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს

თანასწორობის მოძრაობა აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიები ახდენენ ლგბტ+ პირების ინსტრუმენტალიზაციას. მათი თქმით, როგორც ხელისუფლება, ასევე, ოპოზიციური პარტიები არ ერიდებიან თემის უფლებებით მანიპულერებას და უხეშად ერევიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

თანასწორობის მოძრაობის განცხადებით, წლების განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ პარტიას არ გამოუცხადებია ლგბტ+ თემის უფლებები პრიორიტეტულად და არ უზრუნია ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩაგვრის წინააღმდეგ სისტემური და მიზანმიმართული პოლიტიკის გატარებაზე. მათივე თქმით, ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ პარტიას არ გაუტარებია სისტემური პოლიტიკა ულტრამემარჯვენე ჯგუფების აღმოცენებისა და განვითარების შესაჩერებლად.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ორგანიზაცია მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, რომ შეწყვიტონ ლგბტ+ თემის უფლებებით მანიპულირება, თემის სახელით საუბარი და პრაქტიკაში განახორციელონ სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქტები ქვიარ ადამიანების მიმართ.