ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტია ეხმიანება კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტების მიმართ გამოხატულ აგრესიას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიცვას მათი უსაფრთხოება და უზრუნველყოს, რომ პროფესიული მოვალეობა დაუბრკოლებლად შეასრულონ. ასევე, ქარტია მოითხოვს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს.

ინციდენტები შეემთხვათ გამოცემების: ნეტგაზეთის, ლიბერალის, რადიო თავისუფლების, აჭარის ტელევიზიის, TV პირველისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს.

ნეტგაზეთის ცნობით, ჰომოფობიური აქციის მონაწილემ ტელეფონი წაართვა რეპორტიორ გიორგი დიასამიძეს და ძირს დააგდო. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ამ პროცესს თვალს ადევნებდა პოლიცია, თუმცა რეაქცია არ ჰქონია.

"დაგალეწო, გინდა, ეგ ტელეფონი?"… "შენ დამახსოვრებული მყავხარ", — ამ სიტყვებით ემუქრებოდნენ კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილეები ლიბერალის რედაქტორს, ლიკა ზაკაშვილსა და გამოცემის კიდევ ერთ ჟურნალისტს. გამოცემის ცნობით, ინციდენტის შემდეგ პოლიციამ აქციის ეს მონაწილე დააკავა.

"რა სულელი ყოფილხარ", — ასე მიმართა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს ნინო ხოზრევანიძეს, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ მივიდნენ აქციაზე, რადგან მათ მისვლას დაპირისპირება მოჰყვა.

კონტრაქციის მონაწილეებმა ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტს თორნიკე მანდარიას, სამართალდამცველებმა კი მას დაცვის ნაცვლად ტერიტორიის დატოვება ურჩიეს: "ხომ ხედავთ, ყველაფერი აღიზიანებთ".

ჰომოფობიური აქციის ერთი მონაწილე ხელით შეეხო ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ კონტრაქციის მონაწილეები რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფსაც.