თბილისი პრაიდის ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის განცხადებით, დღეს აქცია სრულდება და ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან ბრუნდებიან. თაბაგარის თქმით, თანამშრომლობას დათანხმდნენ და მხოლოდ იმ საბაბით იშლებიან, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.

"ველით რომ ხელისუფლება აიღებს პასუხისმგებლობას, ეს ყველაფერი, რაც ხდებოდა აქ, თავიდან უნდა იქნას აცილებული მომდევნო დღეების განმავლობაში", — განაცხადა მან.

აქცია და კონტრაქცია კანცელარიასთან 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გინების, შეურაცხყოფისა და ძალადობის მუქარის ფონზე ლგბტ აქტივისტები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები მთავრობას პოზიციის დაფიქსირებას თხოვდნენ.

აქტივისტებმა აქცია დღეს 7 საათისთვის დაანონსეს და როგორც ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია. კანცელარიასთან მისულებს ჰომოფობიური ჯგუფები და პოლიციელები დახვდნენ. მათი თქმით, პოლიციამ კანცელარიის წინ აქციის გამართვის უფლება არ მისცა, ამიტომ პროტესტმა კიბეებზე გადაინაცვლა, სადაც ასეულობით პოლიციელი ყოფს მათ აგრესიული ჯგუფებისგან.

რაც შეეხება კანცელარიის წინ შეკრებილებს, იქ იყვნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები, სასულიერო პირები, ქართული მარშის აქტივისტები და ბიზნესმენი ლევან ვასაძე. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ლგბტ აქტივისტებს. ასევე, ისვრიან ბოთლებს, კვერცხებსა და ბურთებს.

კონტრაქციის მონაწილეები აგრესიულები იყვნენ არამხოლო აქტივისტების, არამედ ჟურნალისტების მიმართაც. ერთ-ერთმა აქტივისტმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და ძირს დაუგდო. როგორც ჟურნალისტი ამბობს, პოლიციელს მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია.

შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური ძალადობით დაემუქნენ ლიბერალის ჟურალისტსაც. როგორც On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აღნიშნული პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც ლიბერალის რედაქტორმა მოუწოდა პოლიციას ამის შესახებ. მისი გაყვანის მცდელობას კანცელარიასთან დაპირისპირება მოყვა. ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემაც. მან სულელი უწოდა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს.

აქცია, სახელად, "სახელმწიფო სად ხარ" დღეს დაიგეგმა. ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მთავრობის კანცელარიასთან დარჩებოდნენ, ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელები: მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე, საჯაროდ არ გააკეთებდნენ თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას. ამ დრომდე მთავრობის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღეს, 6 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდება, თბილისი პრაიდი არ დაუშვას. 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრაიდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება აღნიშნავს, რომ დაგეგმილ ფორმატსა და ადგილებში თბილისი პრაიდის ჩატარება შეუძლებელია. საქართველოში თბილისი პრაიდის კვირეული 18-დან 23 ივნისის ჩათვლით გაიმართება. პრაიდის კვირეული ღირსების მარშით დასრულდება. .