მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ლგბტ პირების აქცია და ჰომოფობიური ჯგუფების კონტრაქცია მიმდინარეობს ყვითელი ავტობუსები მიიყვანეს. თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ავტობუსებით გასვლას არ აპირებენ. მისი თქმით, კანცელარიასთან იქამდე დარჩებიან, სანამ ხელისუფლება პოზიციას არ დააფიქსირებს.

აქცია და კონტრაქცია უკვე 4 საათზე მეტია მიმდინარეობს. გინების, შეურაცხყოფისა და ძალადობის მუქარის ფონზე ლგბტ აქტივისტები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები მთავრობას პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ.

აქტივისტებმა აქცია 14 ივნისს, 7 საათისთვის დაანონსეს და როგორც ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია. კანცელარიასთან მისულებს ჰომოფობიური ჯგუფები და პოლიციელები დახვდნენ. მათი თქმით, პოლიციამ კანცელარიის წინ აქციის გამართვის უფლება არ მისცა, ამიტომ პროტესტმა კიბეებზე გადაინაცვლა, სადაც ასეულობით პოლიციელი ყოფს მათ აგრესიული ჯგუფებისგან.

კონტრაქციის მონაწილეები აგრესიულები არიან არამხოლოდ აქტივისტების, არამედ ჟურნალისტების მიმართაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტრაქციაზე სულ 8 პირი დააკავეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

გაიგეთ მეტი: