კანცელარიასთან მიმდინარე ჰომოფობიური ჯგუფების კონტრაქციაზე 4 პირი დააკავეს. როგორც On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთი დაკავებული მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრის, გურამ ფალავანდიშვილის შვილია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კონტრაქცია მას შემდეგ გამართეს, რაც თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა და აქტივისტებმა დაგეგმეს აქცია სახელად "სახელმწიფო სად ხარ". ისინი მოითხოვდნენ, რომ მთავრობას დაეფიქსირებინა პოზიცია თბილისი პრაიდის შესახებ.

ორგანიზატორების თქმით, პოლიციელებმა არ მისცეს საშუალება კანცელარიასთან აქციის გამართვის. On.ge-ს ჟურნალისტები ადგილიდან აცხადებენ, რომ პოლიცია მათაც უზღუდავს გადაადგილების საშუალებას და ამას უსაფრთხოების მოტივით ხსნის.

კონტრაქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ აქტივისტებს. მათი მიმართულებით ისროლეს ბურთი და ბოთლები.

აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მთავრობის კანცელარიასთან დარჩებოდნენ, ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელები: მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე, საჯაროდ არ გააკეთებდნენ თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას.

რამდენიმე წუთის წინ აქციიდან გაიყვანეს ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი, რომელიც მალევე დაბრუნდა ტერიტორიაზე. მისი თქმით, აგრესიული ჯგუფების გამო პოლიციამ ის განარიდა.

გაიგეთ მეტი: