მთავრობის კანცელარიასთან დაანონსებულმა აქციამ ჰომოფობიური ჯგუფების გამო კანცელარიის კიბეებზე გადაინაცვლა. თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და ლგბტ პირებს აქციის დაწყებამდე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და სხვა ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები დახვდნენ. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ კორდონი გააკეთა და, როგორც აქტივისტები აცხადებენ, მათ კანცელარიასთან არ უშვებენ.

საპროტესტო ბანერები აქტივისტებმა კიბეებზე გაშალეს და ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი. მათ ბანერებზე აქვთ წარწერები: "გამოდი სოლიდარობისთვის", "გამოდი ღირსებისთვის", "გამოდი თანასწორობისთვის". ისინი სკანდირებენ: "არა ძალადობას", "სიმართლე იმარჯვებს".

ფოტო: კადრი ვიდეოდან / ლიბერალი

ფოტო: კადრი ვიდეოდან / ლიბერალი

აქციის, სახელწოდებით, "სახელმწიფო სად ხარ?" მიზანი იყო მთავრობის წარმომადგენლებისგან პასუხების მიღება. ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მთავრობის კანცელარიასთან დარჩებოდნენ, ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელები: მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე საჯაროდ არ გააკეთებდნენ თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას.

თუმცა, დაპირისპირების დაწყების შემდეგ ისინი ამბობენ, რომ ასე აქციის გამართვა შეუძლებელია და სახელმწიფო მათ უფლებებს არ იცავს. რამდენიმე წუთის წინ აქციიდან გაიყვანეს ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი, რომელიც მალევე დაბრუნდა ტერიტორიაზე. მისი თქმით, აგრესიული ჯგუფების გამო პოლიციამ ისინი განარიდა.

პირდაპირ ეთერში ადევნეთ თვალი კანცელარიასთან განვითარებულ მოვლენებს.