ტრანსგენდერი ქალების ნაწილი ფეისბუქის გვერდზე თემის სახელით, ტრანსგენდერი ქალის, გაბრიელა როსკიპოვას განცხადებას ეხმაურება თბილისი პრაიდზე. ისინი ამბობენ, რომ არ ემიჯნებიან და მხარს უჭერენ დაგეგმილ ღირსების მარშს.

"არავის აქვს უფლება, ჩემი სახელით რაიმე აზრი დააფიქსიროს, ამისთვის ვარ მე და თავად უკეთესად შემიძლია გამოვხატო აზრი, თავად უკეთესად შემიძლია გადავწყვიტო რას გავემიჯნო და რას არა! არაფერი მაქვს საწინააღმდეგო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც არ უნდა შეუერთდეს "ღირსების მარშს", თუმცაღა ეს ინდივიდუალურად გადაწყვიტოს ყველამ და ინდივიდუალურად გამოეთიშოს ამ პროცესს. საქართველოშიც და ემიგრაციაში მყოფი ჩემი მეგობარი ტრანსგენდერი ქალები, არათუ ვემიჯნებით, ვუერთდებით და მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს!

მოხშირდა ძალადობა, ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, არ ვიცი რა ინდიკატორებით გაზომეს, მაგრამ მე ვხედავ, რომ ჩვენზე ძალადობა ყოველთვის იყო, არის ახლაც და ზუსტად იმიტომ რომ წერტილი დავუსვათ გაუგონარ სისასტიკეს, უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და ჩვენი უფლებებისთვის ჩვენვე დავიწყოთ ბრძოლა", — წერს ტრანსგენდერი ქალი სელენა ტატლი ბუხაიძე.

ტრანსგენდერი ქალი მარია ზვიადაძე "სამარცხვინოს" უწოდებს იმას, რომ მისი და ყველას სახელით ერთი ტრანსი საუბრობს:

"თუ ერთი ტრანსიც არ ემიჯნება ვერავინ ვერ გაბედავს მთლიანი ტრანს თემის სახელის გამოყენებას. ძალიან ვთხოვ მედია საშუალებებს ეს განცხადება არ იყოს აღქმული რეალურად რადგან მედიისთვის არის მიწოდებული ცრუ ინფორმაცია ტრანს თემი პრაიდს არ ემიჯნება და ვისაც უნდა ამ ინფორმაციისგან სარგებლის მიღება და ზიანის მიყენება უნდა თბილისო პრაიდისთვის ჯობია სხვის სახელი არ გამოიყენოთ".

თბილისი პრაიდს არ ემიჯნება ასევე ტრანსგენდერი ქალი მონიკა ტიგიშვილი და მოუწოდებს თემის წევრებს, ყველას სახელით ნუ ისაუბრებენ:

"ეს არის სირცხვილი ტყული სრული ტრანს თემის სახელით ნუ საუბრობთ ! მითუმეტეს ის ტრანსები რომლებიც თქვენს მდგომარეობას ფორმას ეხახით".

ტრანსგენდერი ქალი მირანდა ოკუჯავა წერს, რომ ძალადობა ტრანსგენდერ ქალებზე ყოველთვის იყო და არანაირ კავშირთან არ არის თბილისი პრაიდთან:

"პირველ რიგში ტრანს თემის სახელით როდესაც ერთი გამოდის და საუბრობს ძალიან მიუღებლად მიმაჩნია. ქართველი ტრანსგენდერების უმრავლესობა ეთანხმება თბილისი პრაიდის ჩატარების იდეას. რაც შეეხება განცხადების ტექსტს, ტექსტში მოყვანილი მტკიცებულებები აფსოლიტურად არ შეესაბამება სიმართლეს. მე ვემიჯნები ამ განაცხადეს. და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ თბილისი პრაიდს".