ლგბტქ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები დღეს, 6 ივნისს, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორი თბილისი პრაიდია.

მათი თქმით, ისინი მთავრობის კანცელარიასთან დარჩებიან, ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელები: მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე საჯაროდ არ გააკეთებენ თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას.

"მივმართავთ ლგბტქ ადამიანებს და მხარდამჭერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო ფიგურებს, პოლიტიკოსებს, ყველას, ვისთვისაც ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მოხვიდეთ დღეს და დადგეთ ჩვენს გვერდით მთავრობის კანცელარიის წინ 19:00 საათზე", — ნათქვამია ივენთის აღწერაში.

მათივე თქმით, დროა სახელმწიფომ დააფიქსიროს, სად დგას და რა ღირებულებებს იცავს.

დღეს, 14 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდება, თბილისი პრაიდი არ დაუშვას. 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრაიდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება აღნიშნავს, რომ დაგეგმილ ფორმატსა და ადგილებში თბილისი პრაიდის ჩატარება შეუძლებელია. საქართველოში თბილისი პრაიდის კვირეული 18-დან 23 ივნისის ჩათვლით გაიმართება. პრაიდის კვირეული ღირსების მარშით დასრულდება.