კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ მაუწყებლობის თვითრეგულირებას მიკუთვნებული საკითხების რეგულირებაში გადატანა დაუშვებელია. განცხადებას ხელს 11 მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

მათი ცნობით, კომუნიკაციების კომისიის განცხადება სიძულვილის ენის დარეგულირების შესახებ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენაა მიმართული და დიდ საფრთხეებს შეიცავს.

განცხადებაში განმარტებულია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით მედიის თვითრეგულირების სფეროში არსებული საკითხები გადადის სახელმწიფო რეგულირების კომპეტენციაში, შესაძლებელი ხდება მედიის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება.

"ეს ქმნის გამოხატვის თავისუფლების თვითნებური, დაუსაბუთებელი შეზღუდვის რისკებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ვიწროდ მიზანმიმართული კანონით. ცვლილებების გაზიარების შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიის შინაარსში ჩარევის საშუალება ეძლევა, რაც ფაქტობრივად სახელმწიფოსთვის მედიაზე ზემოქმედების ბერკეტის გადაცემას ნიშნავს", — ნათქვამია განცხადებაში.

მედიაკოალიცია აცხადებს, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით, სწორედ, ის მუხლი ბრუნდება რეგულირებაში, რომლის საფუძველზეც 2007 წლის 07 ნოემბრის მოვლენებისას ტელეკომპანია იმედს მაუწყებლობა შეუჩერდა.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სიძულვილის ენის დარეგულირება მხოლოდ თვითრეგულირების ფარგლებში არ ხდება. თუკი ნამდვილად იარსებებს რეალური საფრთხე შუღლის გაღვივების, ომის პროპაგანდის თუ ხელისუფლების დამხობის, დღესაც არსებობს სამართლებრივი მექანიზმები (მათ შორის მაუწყებლების წინააღმდეგ) - სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 239-ე მუხლები.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ რეგულირების ნაცვლად აუცილებელია გაძლიერდეს თავად მაუწყებლებში არსებული თვითრეგულირების მექანიზმი. ამ მექანიზმის გაძლიერება, მისი ეფექტიანობის მონიტორინგის გაუმჯობესებაზე ზრუნვა არის მარეგულირებლის პასუხისმგებლობა და სწორედ ეს იქნება დირექტივით
გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.

კოალიციას დაუშვებლად მიაჩნია წარმოდგენილი ფორმით საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული. მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს სხვა ბერკეტები სიძულვილის ენასთან საბრძოლველად და მისი ჯეროვანი გამოყენება არ ხდება. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია არ ითხოვს ტელევიზიისა და რადიოს მიერ მაუწყებლობის ქცევის წესების დაცვაზე სასამართლო კონტროლის არსებობას.

"მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ მოახდინოს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესებში ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობა", — ნათქვამია განცხადებაში.

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • მედიაკლუბი;
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  • ლიბერალური აკადემია თბილისი;
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
  • სატელევიზიო ქსელი;
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური პარლამენტს მოუწოდებს დააჩქაროს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც სიძულვილის ენას, ომის პროპაგანდასა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვას კანონის დონეზე დაარეგულირებს.