ბათუმის საკრებულოს წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით, ნოდარ დუმბაძემ მაშველ ქალებთან დაკავშირებით ფეისბუქზე სექსისტური კომენტარი დაწერა.

"ზატო, ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ", — წერს საკრებულოს წევრი. ის ფიქრობს, რომ მისი განცხადება სექსისტური და დისკრიმინაციული არ არის და "ცუდი ხუმრობა გამოუვიდა".

"დისკრიმინაციული არ იყო, არც მიფიქრია, რომ დისკრიმინაციული იქნებოდა", — განაცხადა დუმბაძემ.

მისივე თქმით, მაშველ ქალებს ბოდიშს უხდის: "ნამდვილად არ იყო წინასწარგანზრახული, რომ სექსისტური განცხადება გამეკეთებინა. ხუმრობა იყო. თუ ჩემი ხუმრობით და კომენტარით მივაყენე შეურაცხყოფა მე ბოდიშს ვუხდი ამ გოგოებს".

ბათუმელების ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის" პროგრამების ხელმძღვანელი, რომა დოლაბერიძე, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მაშველი გოგონების მიმართ საკრებულოს წევრის მიერ გავრცელებული დისკრიმინაციული კომენტარის გასაპროტესტებლად მივიდა. სხდომის დაწყებისთანავე მან სიტყვით გამოსვლის უფლება რამდენჯერმე ითხოვა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ მას ამის საშუალება არ მისცა.

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 2019 წლიდან პირველად მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ქალი მაშველებიც იზრუნებენ. ისინი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან. 20-მდე ახალგაზრდა ქალს ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვს.

მაშინ, როცა სტერეოტიპულ და გენდერულად დისკრიმინაციულ გარემოში ქალების პროფესიული აქტივობა სასიხარულო უნდა იყოს, საზოგადოების ნაწილმა სექსისტური დამოკიდებულება გამოიჩინა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მაშველები ჩაცმულობისა და ნაკლები სექსუალურობის გამო გააქილიკა. "ნამდვილი მაშველი ქალის" მაგალითად კი მალიბუს სანაპიროზე გადაღებული ფილმის პერსონაჟები მოიყვანა. ზოგიერთმა ისიც თქვა, რომ ქალი მაშველის იმედი არ აქვს.