შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებაზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. On.ge-სთან საუბრისას უწყება აღნიშნავს, რომ საქმეში რამე სიხლეზე ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვთ.

ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ პირებს ხელს აფარებს და გამოძიების გაჭიანურების მიზეზიც ეს გარემოებაა.

"ამ დრომდე მე არ მაქვს პასუხი. ერთთვიანი ვადა საკმარისია იმისთვის, რომ თქვა ამას ვერ იძიებს დღევანდელი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. ეს არის ან სისუსტის მაჩვენებელი ან იმის, რომ ხელს აფარებენ იმ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა", — განაცხადა ბესელიამ.

პარლემენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, გუშინ მგადაცემა 360 გრადუსში თქვა, რომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეში რამდენიმე ხმაურიანი გვარი იპოვა, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა. ეკა ბესელია აპირებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართოს და გაარკვევს, რატომ არ დაიჭირეს ეს ადამიანი, როცა იგივე ქმედებისთვის სხვები დააკავეს.

პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრები სოციალურ ქსელებში არაერთხელ გავრცელდა, მათ შორის, 28 და 31 იანვარს. პირველ იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ვიდეოს ნახვის, მესენჯერში გაგაზავნისა და სხვა ფორმით გავრცელების ბრალდებით 16 ადამიანი დააკავა.

დაკავებულთაგან ერთ-ერთმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და იმ მუხლის გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მას პატიმრობა ემუქრება. ერთი დაკავებული კი აცხადებს, რომ მას ვიდეო არ უნახავს და მესენჯერში დარჩენილი ლინკის გამო პატიმრობა უსამართლოდ ემუქრება.

იმავე პოლიტიკოსის კადრები კიდევ ერთხელ, 26 მარტს გავრცელდა. მაშინ პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ვიდეოს შესახებ უწყება ინფორმირებული არ იყო და მათ თავად აცნობა. მეორე დღეს, 27 მარტს შსს-მ ვიდეოს Youtube-ზე ატვირთვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ფარგლებში სულ 20 პირია დაკავებული. მათგან რამდენიმეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 157-ე¹ პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.