მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, თბილისი პრაიდი არ დაუშვას. თავის განცხადებაში საპატრიარქო მოუწოდებს საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა "გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება" და არ წაახალისონ მსგავსი აქტივობები.

"ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას", — აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქო თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ლგბტ თემი და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, "თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ".

"მათ სურთ თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული.

როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა", — აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე დროს საპატრიარქოში ამბობენ, რომ ემიჯნებიან ძალადობას, თუმცა ხელისუფლებას მოუწოდებენ პრაიდის ხელისუფლების ჩატარება არ დაუშვან.

ყოველი წლის ივნისში, პრაიდის სთვის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყანაში ლგბტ თემის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება. საქართველოში პირველად 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI თბილისის პრაიდი დაიგეგმა. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება და ღირსების მარში გაიმართება.