ევროპული საქართველოს წევრება, ირმა ნადირაშვილმა და სერგო რატიანმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს. დეპუტატებმა თქვეს, რომ ეს რეფორმა მოქალაქეებზე ძალადობა და საპენსიო ხაფანგია.

"ყველაზე მეტად მე რაც მაღიზიანებს ამ პროექტი, არის ის, რომ ადამიანებს არ აქვთ არჩევანის თავისუფლება. ეს არის ძალადობა მოქალაქეებზე, ეს არის ხელის ჩაყოფა ჩვენს ჯიბეებში, მაშინ, როდესაც მთავრობა თვითონ ვერ ქმნის სამუშაო ადგილებს ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან ჯიბეში ხელს უყოფ და 2%-ს აცლი", — აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

დეპუტატი სერგო რატიანი თვლის, რომ ადამიანმა თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დაგეგმოს უახლოესი და შორეული მომავალი.

"ეს არის საპენსიო ხაფანგი, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ, რომლის სავიზიტო ბარათია კორუფცია და ფლანგვა, რომელმაც ფაქტობრივად უკან წაიყვანა ეკონომიკა და ახლა უნდათ ჩვენი ჯიბიდან ამოიღონ თანხები და იმით კვებონ თავისი ჩინოვნიკები. ამის სურვილი არ მაქვს", — თქვა სერგო რატიანმა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა აპრილში ევროპული საქართველოს კიდევ სამმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ლელა ქებურიამ დატოვეს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სქემაში ჩართვა სავალდებულოა. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. კანონის მიხედვით, 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი — სახელმწიფო.

ამავე თემაზე: