საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეში იპოვა რამდენიმე ხმაურიანი გვარი, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა. ამის შესახებ ეკა ბესელიამ გადაცემა 360 გრადუსში განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს და გაარკვევს, რატომ არ დაიჭირეს ეს ადამიანი, როცა იგივე ქმედებისთვის სხვები დააკავეს.

"ხმაურიანი გვარია და არ მინდა ამ ადამიანს ზიანი მივაყენო. რამდენიმე გვარია, რომელსაც ზუსტად ანალოგიური ქმედება აქვს ჩადენილი, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დაიჭირეს, უკანონოდ გავრცელებას ვგულისხმობ. ის ადამიანი საინტერესო გვარით რომ არის, იგივე ქმედებისთვის ხელშეუხებელია", — განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, არავისი დასჯა და დაპატიმრება არ უნდა, გარდა იმისა "ვინც ეს საზიზღრობა დაგეგმა". კითხვაზე, ემთხვევა თუ არა ეს გვარი პარლამენტის დეპუტატის გვარს, ეკა ბესელია ამბობს, რომ "კი".

"გვარი თუ იცავს, როგორც იმუნიტეტი ამას გავარკვევ პროკურატურაში", — განაცხადა ეკა ბესელიამ.

მოგვიანებით ეკა ბესელიამ თავისი განცხადება განმარტა და თქვა, რომ საკუთარი პარტიის ყრილობის შემდეგ ბევრ დეტალზე ისაუბრებს.

"მე ვიყავი და ვარ ადამიანი, რომელიც არათუ ექვემდებარება რაიმე ზეწოლასა და შანტაჟს, არამედ ყოველთვის მომიძებნია საკუთარ თავში ძალა, როგორ უნდა იბრძოლო ასეთ დროს შენი და სხვისი უფლებების დასაცავად. ადამიანზე შანტაჟისა და ზეწოლის ეს მაგალითები მეტყველებს, რომ არის უსერიოზულესი პრობლემა, მათ შორის ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში", — განაცხადა ბესელიამ.

ის ვარაუდობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ პირებს ხელს აფარებს და გამოძიების გაჭიანურების მიზეზიც ეს გარემოებაა.

"ამ დრომდე მე არ მაქვს პასუხი. ერთთვიანი ვადა საკმარისია იმისთვის, რომ თქვა ამას ვერ იძიებს დღევანდელი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. ეს არის ან სისუსტის მაჩვენებელი ან იმის, რომ ხელს აფარებენ იმ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა", — განაცხადა ბესელიამ.

პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრები სოციალურ ქსელებში არაერთხელ გავრცელდა, მათ შორის, 28 და 31 იანვარს. პირველ იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ვიდეოს ნახვის, მესენჯერში გაგაზავნისა და სხვა ფორმით გავრცელების ბრალდებით 16 ადამიანი დააკავა.

დაკავებულთაგან ერთ-ერთმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და იმ მუხლის გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მას პატიმრობა ემუქრება. ერთი დაკავებული კი აცხადებს, რომ მას ვიდეო არ უნახავს და მესენჯერში დარჩენილი ლინკის გამო პატიმრობა უსამართლოდ ემუქრება.

იმავე პოლიტიკოსის კადრები კიდევ ერთხელ, 26 მარტს გავრცელდა. მაშინ პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ვიდეოს შესახებ უწყება ინფორმირებული არ იყო და მათ თავად აცნობა. მეორე დღეს, 27 მარტს შსს-მ ვიდეოს Youtube-ზე ატვირთვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ფარგლებში სულ 20 პირია დაკავებული. მათგან რამდენიმეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.