ომანის ყურეში ნავთობის ორ ტანკერს თავს დაესხნენ, რაშიც აშშ ირანს ადანაშაულებს. აშშ-ს ბრალდებებს უარყოფენ ირანში.

საუდის არაბეთიდან სინგაპურისკენ მიმავალ ტანკერებზე, ფრონტ ალტაირსა და კოკუკა კარეიჯესზე სავარაუდო თავდასხმა 13 ივნისს მოხდა. ეკიპაჟების 44-მა წევრმა ევაკუაცია მოახერხა. პირველი ტანკერი ნორვეგიულ კომპანია Frontline ეკუთვნის, ხოლო მეორე პანამური დროშის ქვეშ ცურავს და კომპანია BSM Ship Management-ს ეკუთვნის.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, ვაშინგტონმა თავდასხმაში ირანის თანამონაწილეობა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით გამოავლინა. მისივე თქმით, გაეროში აშშ-ს ელჩი უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ირანის თანამონაწილეობის საკითხს დასვამს.

ომანის ყურეში აფეთქების შემდეგ ნავთობის ფასი 4 პროცენტით გაიზარდა. ომანის ყურე სპარსეთის ყურესთან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტით უკვაშირდება, რომლის გავლითაც დიდი მოცულობის ნავთობი გადააქვთ.

ერთი თვის წინ ამავე რეგიონში ნავთობის ოთხ ტანკერს დაესხნენ თავს. მაშინ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არავინ აიღო, ხოლო ვაშინგტონმა ისევ თეირანი დაადანაშაულა.