რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ ანაკლიის პროექტის კონტექსტში აშშ-ს მიერ რუსეთის ხსენების ტონი არ მოეწონა.

"ჩვენ დაინტერესებულები ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს თუ რა უქნას ანაკლიის პორტს, მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს", — განუცხადა კარასინმა რადიო თავისუფლებას.

რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება დაეხმარება საქართველოს განავითაროს ურთიერთობები თავისუფალ ეკონომიკებთან. მისივე თქმით, ეს საშუალებას მისცემს საქართველოს არ მოექცეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ, რომლებიც "თავს საქართველოს მეგობრებად წარმოაჩენენ, თუმცა არ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს".

პრაღაში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ზურაბ აბაშიძის თქმით, შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრებენ.

შეხვედრის დაწყების წინ კარასინმა განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღება რუსეთთან ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს. ამავე დროს კი აღნიშნა, რომ მოსკოვმა და თბილისმა მტრული ჩიხიდან გამოსვლა შეძლეს