სარა სანდერსი თეთრი სახლის პრესმდივანი აღარ იქნება. ამის შესახებ ტვიტერზე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაპოსტა. ტრამპის თქმით, თითქმის სამწლიანი მუშაობის შემდეგ სანდერსი თავის შტატში, არკანზასში დაბრუნდება.

"ის განსაკუთრებული ადამიანია არაორდინარული ნიჭით, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა", — წერს ტრამპი.

სარა სანდერსის მამა, მაიკ ჰაკაბი 1996-2007 წლებში არკანზასის გუბერნატორი იყო. ტრამპი იმედოვნებს, რომ სანდერსი გუბერნატორად იყრის კენჭს.

სარა სანდერსი პრეზიდენტ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი და დამცველი იყო. მისი ყველაზე ცნობილი სიტყვებია, რომ "ღმერთს სურდა, ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო". როგორც BBC წერს, მისი ყოფნის პერიოდში მედიასთან ბრიფინგები სულ უფრო მეტად იშვიათად ტარდებოდა. ბოლო ბრიფინგი 11 მარტს გაიმართა. American Presidency Project-ის ინფორმაციით, სანდერსმა იმაზე ნაკლები პრესკონფერენცია ჩაატარა, ვიდრე ნებისმიერმა წინა 13-მა პრესმდივანმა.