მომღერალი ზურა ხაჩიძე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ რამდენიმე 12 ივნისს დაინიშნა, ამბობს, რომ მომღერლები და მსახიობები პოლიტიკაში მიდიან და საკმაოდ წარმატებულებიც ხდებიან.

"ზელენსკის გაგახსენებთ, შვარცნეგერს გაგახსენებთ, რეიგანს გაგახსენებთ არ ვედრები არავის, მაგრამ... მიდიან პოლიტიკაში და საკმაოდ წარმატებულები ხდებიან. შეხედეთ უკრაინის მაგალითზე, ზელენსკიმ თავდაყირა დააყენა, სულ შეცვალა კონფიგურაცია პოლიტიკის და სხვა მიზნები დაუსახა. თუნდაც ის რად ღირს, რომ ადამიანი გადის და კარვებში აკეთებს შეხვედრებს მინისტრებთან და საზოგადოებას ხვდება", — განაცხადა ზურა ხაჩიძემ გადაცემა რეაქციაში.

მისივე თქმით, როდესაც ერთი პოლიტიკური გუნდს უკავშირდები, "რაც არ უნდა საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანი იყო", ოპონირების რეჟიმში მეორე მხარე ჩნდება:

"მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ, ჩემი მთავარი მიზანი არის ის გაჭირვება, რაც არის სამცხე-ჯავახეთში. ჩემი მთავარი გამოწვევა არის საზოგადოებასთან კონტაქტი და მათი პრობლემების დამარცხება გუბერნატორთან ერთად".

გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე კულტურის, სპორტისა და საგანმანათლებლო მიმართულებით იმუშავებს. როგორც მან On.ge-ს უთხრა, სურს სცენაზე გატარებული 25-წლიანი გამოცდილება სამცხე-ჯავახეთს მოახმაროს.