რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის თქმით, მოსკოვმა და თბილისმა მტრული ჩიხიდან გამოსვლა შეძლეს. TASS-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კარასინმა პრაღაში რუსეთის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის წინ განაცხადა.

"ჩვენ შევაჯამებთ 2019 წლის პირველი ნახევრის შედეგებს, თუ რისი გაკეთდება მოხერხდა ამ ხნის განმავლობაში. ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე ერთობლივად მუშაობის წლების მთავარი შედეგია ის, რომ ჩვენ შევძელით ურთიერთობების მტრობის, კონფრონტაციის, ერთმანეთის ემოციური მიუღებლობის ჩიხიდან გამოყვანა", — განაცხადა კარასინმა.

კარასინის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნეგატიური განწყობა წარსულში დარჩა, რადგან ეს სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებში ძირეული საკითხების მოგვარების საშუალებას იძლევა:

"ვაჭრობა ვითარდება, არის შესაბამისი მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ საქართველოდან პროდუქციის მოწოდება იზრდება".

პრაღაში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ზურაბ აბაშიძის თქმით, შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრებენ.

"ზოგადად ვიმსჯელებთ 2011 წლის შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის თაობაზე. ჩვენი ინიციტივით ვაყენებთ ამ საკითხებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, მილიტარიზაცისთან, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან, ზოგადად საერთაშორისო სამართლის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე", — განუცხადა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსთავი 2-ს.