შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 2019 წლიდან პირველად მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ქალი მაშველებიც იზრუნებენ. ისინი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან. 20-მდე ახალგაზრდა ქალს ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვს.

მაშინ, როცა სტერეოტიპულ და გენდერულად დისკრიმინაციულ გარემოში ქალების პროფესიული აქტივობა სასიხარულო უნდა იყოს, საზოგადოების ნაწილმა სექსისტური დამოკიდებულება გამოიჩინა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მაშველები ჩაცმულობისა და ნაკლები სექსუალურობის გამო გააქილიკა. "ნამდვილი მაშველი ქალის" მაგალითად კი მალიბუს სანაპიროზე გადაღებული ფილმის პერსონაჟები მოიყვანა. ზოგიერთმა ისიც თქვა, რომ ქალი მაშველის იმედი არ აქვს.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

გენდერის მკვლევარი, ხატია ახალაია ამბობს, რომ მსგავსი რეაქცია დაკავშირებულია იმასთან, რომ პატრიარქალური საზოგადოება ქალში მუდამ სექსის ობიექტს ეძებს. ახალაიას აზრით, მაშველის პროფესია და ზოგადად გმირობა კაცთან ასოცირდება, რაც, ასევე, საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

"გვკარნახობენ სილამაზის სტანდარტს, ანუ მაღალი ქერა, ლამაზი, ცისფერთვალება. მთავარი მიზანი, რისთვისაც გოგოები არიან, რომ თავიანთი საქმე უყვართ და გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ იბრძვიან, ამ ყველაფრის მიღმა დარჩა, რადგან იმ სტანდარტიდან გადახრილები არიან, რომელსაც კატალოგებიდან გვაწოდებენ", — აღნიშნა ახალაიამ On.ge-სთან საუბრისას.

მაშველი გოგოების მიმართ ცალსახა სექსისტურ დამოკიდებულებას ქალთა მოძრაობის წევრი, იდა ბახტურიძე იმ მოცემულობის ნაწილად მიიჩნევს, რომელშიც პროფესიებს სქესი აქვთ და მათ კონკრეტული გარეგნობის ადამიანები უნდა წარმოადგენდნენ. მისივე თქმით, როდესაც კაცების მიერ დომინანტურ პროფესიაში შედის ქალი, ბულინგი და დამცირება თანმდევი პროცესია.

"ის სტერეოტიპი, რაც მაშველი ქალის სახე-ხატზე არსებობს წარმოებულია იმ მასპროდუქტების საშუალებით, რომელიც არსებობს ფილმების, რეკლამების თუ პორნოპროდუქტის სახით და ერთი ერთში ამის კოპირება ხდება. პრობლემა ისაა, რომ ვინც პირველია, ჯოხი მასზე ტყდება. თუ კი პროფესიებში ქალები აქტიურად შეედინებიან და რჩებიან, ეს ჩვეულებრივი ამბავი ხდება. ამ დროს დასტურდება, რომ პროფესიას არ შეიძლება, სქესი ჰქონდეს", — ამბობს ბახტურიძე On.ge-სთან.

ამასთანავე, ბახტურიძე აღნიშნავს, რომ კაც მაშველებს იგივე ფორმა აქვთ, მაგრამ მათი ჩაცმულობის ან სექსუალურობის განხილვა არასდროს ყოფილა.

"ზოგადად, კაცებისთვის განსახილველიც არ არის თუ არასექსუალურია, მაგრამ ქალები, სადაც არ უნდა იყვნენ, მოეთხოვებათ, რომ იყვნენ სექსუალური, მოწესრიგებული და გამოიყურებოდნენ, მათ შორის პროფესიისთვის არაშესაფერისად. სექსუალობა რა საჭიროა, როდესაც ხარ მაშველი და გაბარია ამხელა პასუხისმგებლობა?" — აღნიშნავს ბახტურიძე.

მაშველების წინააღმდეგ სექსისტურ ონლაინბულინგს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილიც გამოეხმაურა. მან მსგავს შეფასებებს სამარცხვინო და სამწუხარო უწოდა.

"ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული მიდგომების სიმძიმეს და სიახლისადმი არამიმღებლურ დამოკიდებულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალებს ეხება საქმე", — აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.