გასულ კვირას, ამერიკულმა ჟურნალმა GQ-მ, რომელიც კაცების ცხოვრების წესზე წერს, სილიკონ ველის აღმასრულებელი დირექტორების საერთო ფოტო გამოაქვეყნა. მათ შორის იყვნენ ლინკდინის დამაარსებელი რეიდ ჰოფმანი და დროპბოქსის CEO დრიუ ჰიუსტონი.

სურათზე გამოსახული პირები იტალიის პატარა სოფელში დიზაინერს, ბრუნელო კუჩინელის სტუმრობდნენ.

ალბათ ფიქრობთ, რომ სურათში ცოტა ბალანსია დარღვეული, რადგან იქ მხოლოდ ორი ქალია. თუმცა, უფრო მეტისთვის მოემზადეთ. როგორც BuzzFeed-ის პატარა გამოძიებამ აჩვენა, ქალები, რომლებიც ასევე აღმასრულებელი დირექტორები არიან — ლინ ჯურიჩი (SunRun) და რუზვანა ბაშირი (Peek) — სურათში თავიდან სულაც არ იყვნენ და იქ ფოტოშოპის წყალობით მოხვდნენ.

ფოტო: GQ/ LinkedIn / BuzzFeed News

ფოტოს ორიგინალ ვერსიაში მხოლოდ 15 კაცია და ის კუჩინელის ინსტაგრამზე 30 მაისს გამოქვეყნდა. პოსტი უკვე წაშლილია, თუმცა ანგარიშზე შეხვედრიდან გადაღებულ სხვა ფოტოს ვხედავთ.

როგორც ბაზფიდის რეპორტიორი, რაიან მაკი წერს, პირველად კითხვა მაშინ გაუჩნდა, როცა GQ-ს გამოქვეყნებული ფოტო ნახა:

"როდესაც სურათზე გამოსახულ ორ ქალს ვუყურებდი, ვგრძნობდი, რომ რაღაც საეჭვოდ იყო".

ფოტოს მეტა-მონაცემების შემოწმების შემდეგ (რომელიც ამ საიტზე უფასოდ შეიძლება), აღმოჩნდა, რომ ის დაფოტოშოპებული იყო. თუმცა ფოტოშოპს უამრავი გამოცემა იყენებს და რადგან ჟურნალისტმა GQ-სგან და აღნიშნული ქალებისგან ფოტოს ავთენტურობაზე პასუხი ვერ მიიღო, ძიება განაგრძო.

საბოლოოდ მან მილანელი ბიზნესმენის, ფერდინანდო დე ბელისის ლინკდინზე 2 კვირის წინ გამოქვეყნებულ ორიგინალ სურათს მიაგნო, სადაც ბაშირი და ჯურიჩი არ ჩანდნენ.

ჟურნალისტმა სურათი GQ-ს და კუჩინელის წარმომადგენლებს გაუგზავნა, მათგან კი ოთხ საათში ასეთი პასუხი მიიღო:

"როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ სურათზე ყველა დამსწრე არ იყო, ჩვენ ქალების გამოსახულება მასში ფოტოშოპით ჩავსვით. მათი ეს სურათებიც იმავე შაბათ-კვირასაა გადაღებული. დაფოტოშოპებულ სურათებზე კი ამ ქალებისგან თანხმობა გვქონდა. არავისთვის გვსურდა ზიანის მიყენება და ბოდიშს ვიხდით".

კთხვაზე, თუ რატომ არ ჩააფოტოშოპეს ამაზონის დამფუძნებელი და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კაცი ჯეფ ბეზოსი სურათში, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, კუჩინელის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თქვა, რომ ამაზონის აღმასრულებელ დირექტორი ამის წინააღმდეგი იყო.

სურათი წაიშალა GQ-ს საიტიდანაც. გამოცემამ აღნიშნა, რომ სარედაქციო სტანდარტს დაფოტოშოპებული სურათი ეწინააღმდეგებოდა და ამის შესახებ ინფორმაციას მისი გამოქვეყნების მომენტში არ ფლობდა.

თუმცა, ტვიტერი პატიებისთვის მზად არ იყო.

"ასევე საოცარია, როგორ იფიქრეს, რომ ორი ქალით 15 კაცს დააბალანსებდნენ?" — წერს მომხმარებელი ელიზაბეტ სპირსი.

"დააფოტოშოპე ცვლილება, რომელიც გსურს რომ სამყაროში დაინახო", — ცინიკურად ეხმაურება ამბავს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი მეთ ბრაუნი.

ამ ბოლო ტვიტის საპასუხოდ კი, ბაზფიდის ჟურნალისტი მთელ სიტუაციას ლეონარდო და ვინჩის ფრაზით აფასებს:

"მე ვიქნები იმ აღმოჩენის ავტორი, რომელიც დიდებულ რამეებს მოიტანს".

ფოტო: Michael Guppy