დღეს ერთ ნიჭიერ და იღბლიან ბიჭზე მოგიყვებით, რომელმაც უმძიმესი დაავადება, კიბო დაამარცხა და ამერიკული ნიჭიერის ჟიურის ყველაზე მკაცრი წევრის, საიმონ ქოუელის დიდი სიმპათიაც დაიმსახურა.

ვიოლინოზე არაჩვეულებრივი შესრულების შემდეგ, ტეილორ ბატლერმა ჟიურის უთხრა, რომ 4 წლის იყო, როდესაც ექიმებმა ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ამის გამო, მისი თანაკლასელები მასთან არ თამაშობდნენ და ამბობდნენ, რომ არ უნდოდათ დაავადება მათაც გადასდებოდათ.

თუმცა, სკოლის შემდეგ ვიოლინოს თავისუფალ გაკვეთილებზე დასწრებამ ბიჭს ცხოვრების გაგრძელებისა და ბრძოლის მიზეზი მისცა — ტეილორი ახლა ამაყობს საკუთარი თავითა და ნიჭით.

"მე არ მინდოდა, რომ უბრალოდ კიბოთი დაავადებული ბავშვი ვყოფილიყავი", — ამბობს პატარა მუსიკოსი და შესაბამისად, ახლა ის არის განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი, რომელიც ვიოლინოზე უკრავს.

ამ მამაცი ბიჭის ისტორიისა და ვიოლინოზე მისი უბადლო შესრულების შემდეგ კი, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, საიმონ ქოუელმა ოქროსფერ ღილაკს დააჭირა და ტეილორი პირდაპირ ლაივ შოუში გადაიყვანა.