Google Pixel 4-ის გამოსვლამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა, თუმცა სმარტფონის შესახებ ჭორები არ წყდება. გავრცელებული ცნობების მიხედვით, Pixel 4-ში, შესაძლოა, Project Soli-ს ტექნოლოგია იყოს ჩაშენებული.

გუგლი Project Soli-ზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. პირველად ამ ტექნოლოგიის შესახებ კომპანიამ 2015 წელს ისაუბრა. პროექტის მიზანი პატარა ჩიპში რადარული სისტემის ჩამონტაჟებაა, რომელსაც თითების მოძრაობის მაღალი სიზუსტით აღქმა შეეძლება. გუგლმა პრეზენტაციაზე რამდენიმე ჟესტიც წარადგინა. ჰაერში თითებით წარმოსახვითი მბრუნავი ღილაკის დატრიალებით ხმის კონტროლს შეძლებთ, ასევე შესაძლებელი იქნება ვირტუალური ღილაკების გამოყენებაც.

Pixel 4-ში Soli-ს რადარის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაცია პირველად 9to5Google-მა გაავრცელა, მალევე კი მსგავსი ცნობები XDA Developers-ისგანაც მივიღეთ, რომლებმაც Android Q-ში აღმოაჩინეს კოდის ნაწილი, რომელიც, შესაძლოა, Soli-ს რადარის ფუნქციონირებას ემსახურებოდეს.

მსგავსი ტექნოლოგია სმარტფონებში აქამდეც შეგვხვედრია, თუმცა როგორც წესი, ჟესტური ნავიგაციის მისაღწევად სმარტფონები ამ დრომდე მხოლოდ კამერებს იყენებდნენ, რაც ბევრად უფრო არაზუსტია.

თუ გუგლი ახალ Pixel-ში რადარს მართლაც ჩაამონტაჟებს, მომხმარებლებს სმარტფონთან ინტერაქციის ახალი გზები გაუჩნდებათ.