31 მაისის შემდეგ სერიალი When They See Us ნეტფლიქსის ყოველდღიურ ნახვებში ლიდერობს. ამის შესახებ სტრიმინგის ოფიციალურ ტვიტერზე ვკითხულობთ.

"გამოსვლის დღიდან ყოველ დღე, როცა ისინი გვხედავენ ამერიკაში ყველაზე ხშირად ნახვადი სერიალია".

სერიალი 5 თინეიჯერის დრამატულ ისტორიაზეა, რომლებიც 20 წლის წინ უსამართლოდ დაიჭირეს, ბრალი კი ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში მორბენალი ქალის ჯგუფური გაუპატიურებისთვის წაუყენეს.

მაყურებლების კონკრეტულ რაოდენობას ნეტფლიქსი არ გვიზიარებს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ სტრიმინგ სერვისი ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სერიალმა საკმაოდ უარყოფითი რეაქციები გამოიწვია ლინდა ფეირსტეინის, ნიუ იორკის ყოფილი პროკურორის მიმართ, რომელიც საქმეში "Central Park Five" ბრალდების მხარეს წარმოადგენდა.

ფეირსტეინმა ვასარის კოლეჯსა და მსხვერპლთა დახმარების ორგანიზაციაში Safe Horizon თანამდებობები დატოვა. ასევე, მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა დიდი ხნის პარტნიორმა გამომცემლობამ Penguin Books და კოლუმბიის სამართლის სკოლამ, სადაც ის ლექტორად მუშაობდა. ფერსტეინი ამ კვირას გამოქვეყნებულ ჟურნალ ვოლ სტრიტში, ოპ-ედში წერს, რომ ნეტფლიქსის სერიალი უდანაშაულოდ წარმოაჩენს ბრალდებულებს და მის რეპუტაციას ზიანს აყენებს.