Google-მა გუშინ ტვიტერზე ახალი სმარტფონის, Pixel 4-ის სურათი გაავრცელა, რომლის გაყიდვებიც დაახლოებით ოქტომბერში უნდა დაიწყოს. კომპანიამ ფოტოს გამოქვეყნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ინტერნეტში Pixel-ის ფოტოებმა გაჟონა.

"მოიცადეთ, სანამ გაიგებთ რისი გაკეთება შეუძლია მას", — ნათქვამია ფოტოზე თანდართულ ტექსტში.

ოფიციალურ ფოტოში ჩანს ორი უკანა კამერა, ერთი ჯერჯერობით უცნობი სენსორი და განათება, ეს ყველაფერი კი სმარტფონის უკანა მხარეს არსებულ დიდ კვადრატშია მოთავსებული. კვადრატის მარჯვენა ქვედა კუთხეში კიდევ ერთი პატარა შავი წერტილია, რომელიც, შესაძლოა, მიკროფონი იყოს. აღსანიშნავია, რომ Pixel-ის უკანა მხარეს თითის ანაბეჭდის სენსორი არ ჩანს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Pixel-ის ახალი მოდელები ოფიციალურ ანონსამდე კვირებითა და თვეებით ადრე ჟონავდა ხოლმე. ახლა კი, როგორც ჩანს, გუგლი ცდილობს, რომ ახალი სამრტფონის შესახებ წინასწარ გავრცელებული ინფორმაცია კონტროლის ქვეშ მოაქციოს.

ამჟამად გუგლისგან Pixel 4-ის შესახებ დამატებითი ცნობები არ გვაქვს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუგლი Pixel-ის ორ მოდელს გამოუშვებს, სტანდარტულსა და XL-ს. Unbox Therapy-ს წამყვანი ლუის ჰილსენტეგერი 11 ივნისს ატვირთულ ვიდეოში აცხადებს, რომ Pixel 4 XL-ს ეკრანის ჭრილის (notch) ნაცვლად სრული ზედა ჩარჩო ექნება, რომელშიც, სავარაუდოდ, Apple-ის Face ID-ს მსგავსი მაღალტექნოლოგიური სახის ამომცნობი სისტემა იქნება ჩამონტაჟებული.

ახალი Pixel მომდევნო თაობის Google Assistant-ით იქნება აღჭურვილი, რომელიც ხმოვანი ბრძანებების შესრულებას ბევრად უფრო ეფექტურად შეძლებს.