ყაზბეგში, გერგეთის სამების ეკლესიასთან პარკინგი მოეწყო. შესაბამისი ფოტო ფეისბუქზე გავრცელდა. ყაზბეგის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ პარკინგის მოწყობის ინიციატორი მერია იყო.

მისივე თქმით, სამების მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგი 2018 წელს მოეწყო და გაუგებარია, რატომ იქცა დღეს განხილვის საგნად.

"პროექტი საგზაო დეპარტამენტმა განახორციელა. ყველა ვიზიტორი, ვინც დაბა გერგეთში ჩამოდის, მიდის სამებაში, ამიტომ, ვინაიდან დაბაში არ არსებობს საპარკინგე ადგილი, ყველა იყრიდა თავს ცენტრში და იყო გადაჭედილი. რახან გადავიდა პარკინგი, დაბაშიც შემსუბუქდა სიტუაცია", — განუცხადა On.ge-ს ალექსანდრე ზაგაშვილმა.

ალექსანდრე ზაგაშვილის თქმით, პარკინგი უფასოა და ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას არ ამახინჯებს. ამ ტერიტორიაზე ჩერდებიან დიდი და პატარა გაბარიტების სატრანსპორტო საშუალებები.