ბრიტანეთში, 1999 წლიდან მოყოლებული, ყოველ მეორე წელს, საბავშვო წიგნების სფეროს წასახალისებლად, მწერლებსა და ილუსტრატორებს შორის ბავშვთა ლაურეატი ირჩევა ხოლმე. მწერალი მაიკლ მორპურგო იხსენებს, როგორ დაიბადა ამ წოდების შექმნის იდეა:

ყველაფერი დანთებული ბუხრის წინ დაიწყო, კარის მეზობელ მეგობრებთან, ტედ და კეროლ ჰიუზებთან სასიამოვნო სადილის შემდეგ. იმაზე ვბუზღუნებდი, ზრდასრულთა სამყაროში როგორი მცირე ყურადღება ექცეოდა საბავშვო წიგნებს. ჰიუზმა, რომელიც იმ დროს პოეტ-ლაურეატის წოდებას ატარებდა, საპასუხოდ ასეთი რაღაც თქვა: "კარგი საბავშვო წიგნი ისეთივე მნიშვნელოვანი და ღირებულია, როგორც სხვა ჟანრის ლიტერატურა, შეიძლება - მეტადაც. თუ ბავშვობისას იმდენად კარგ მოთხრობას ან პოემას წაიკითხავ, რომ მისი მთელი გულით შეყვარებას შეძლებ, დიდი შანსია, წიგნების კითხვა აღარასდროს შეწყვიტო და, შესაძლოა, მწერალი ან მხატვარიც გახდე. რაღაც უნდა გაკეთდეს".

"შენ პოეტ-ლაურეატი ხარ", - ვუთხარი მე, - "იქნებ ბავშვთა ლაურეატის წოდებაც უნდა არსებობდეს?"

ეს დაუფიქრებლად ნათქვამი წინადადება იყო. მან კი მიპასუხა: "რატომაც არა? გავაკეთოთ". ასე დაიბადა და განვითარდა ბავშვთა ლაურეატის არსებობის იდეა.

1999 წლის 10 მაისს ჩვენი პირველი ბავშვთა ლაურეატი კვენტინ ბლეიკი გახდა. მან სათანადო სტანდარტი დააწესა და წოდების ტარების ორი წლის განმავლობაში საბავშვო წიგნების ილუსტრირების ხელოვნება აუდიტორიას იქამდე არნახული წარმატებით გააცნო. ეს ისტორიის განსაცვიფრებელი პირველი თავი იყო და მას მერე არჩეული ცხრა ლაურეატიდან თითოეულმა ყოველი მომდევნო თავი სულ სხვადასხვა მიმართულებით განავრცო. შედეგად კი ამაღელვებელი, მოულოდნელობებით სავსე და განმანათლებელი ამბავი დაიწერა. თითოეული ლაურეატი ათასობით მკითხველისათვის შთაგონების ახალი წყარო გახდა. და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ თანდათანობით ჩვენს კულტურასა და საზოგადოებაში საბავშვო ლიტერატურისადმი ყურადღება გაიზარდა. როგორც საუკეთესო ისტორიებს სჩვევიათ, არავინ იცის, მომავალი თავი საით წაგვიყვანს და, როგორც საუკეთესო წიგნებს სჩვევიათ, გვინდა, რომ ეს ამბავი არასდროს დასრულდეს.

1. კვენტინ ბლეიკი

(1999-2001 წლების ბავშვთა ლაურეატი)

მახსოვს, წიგნი, რომელმაც ლამის საბოლოოდ ამიცრუა გული კითხვაზე, ოლივერ ტვისტი იყო; ზემდეტად პატარა ვიყავი, როცა ის წასაკითხად მომცეს. საბედნიეროდ, მოგვიანებით კიდევ მივუბრუნდი და მივხვდი, რომ სრულიად საოცარი რამ იყო. შემდეგ კი დიკენსის ყველა წიგნი გადავიკითხე, ზოგიერთი ორჯერაც. მოთხრობა, რომლის ილუსტრირებაც მე გავაკეთე, გაცილებით მარტივ ამბავს გვიყვება. მისი ავტორი ჩემი მეგობარი ჯონ იომენია, წიგნს კი ბუმბულტვინებიანები ჰქვია. მასში მოთხრობილია ორი ქათმის ისტორია, რომლებიც ფერმიდან გაიქცნენ და გარე სამყაროს კეთილი და გონიერი, პატარა შავი ჩიტის დახმარებით შეიმეცნებენ.

2. ენ ფაინი

(2001-2003 წლების ბავშვთა ლაურეატი)

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობ

როგორც ჩემს თაობაში თითქმის ყველას, კითხვა მეც ენიდ ბლაიტონმა შემაყვარა. აგრეთვე ვაღმერთებდი ჯენინგსა და მის მოსამზადებელ სკოლაზე დაწერილ ენტონი ბაკერიჯის წიგნებს. მაგრამ ჩემი ფავორიტი პერსონაჟი მაინც რიჩმალ კრომპტონის უილიამი იყო. მასზე დაწერილი 39 წიგნიდან თითქმის ყველა მქონდა და ის ჩემს წარმოსახვით ძმად და საუკეთესო მეგობრად გადაიქცა. ლაქლაქა და მოუსვენარი, უილიამი გამომგონებლობის არანორმალური ნიჭით იყო დაჯილდოებული.

ბავშვები გონივრული რჩევების გათვალისწინებაში შემჩნეულნი არასდროს ყოფილან; სამაგიეროდ, მავნე ჩვევებს ვირტუოზული სისრაფით ითვისებენ. ასე რომ, თუ მშობლები მთელ თავის დროს ეკრანებში ყურებას უთმობენ, შვილებისგან განსხვავებულ ქცევას არ უნდა ელოდნენ. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ, კვლევების მიხედვით, ბავშვები, რომლებსაც ძილის წინ წიგნებს უკითხავენ, სკოლაში უკეთ სწავლობენ - მათემატიკასაც კი. შეიძლება, ტელეფონზე დამოკიდებულება ვერ დაძლიოთ, მაგრამ შვილისთვის დღეში ნახევარი საათის დათმობა მაინც არ უნდა გაგიჭირდეთ. და, რაც მთავარია, მათთვის კითხვა პატარაობიდანვე უნდა დაიწყოთ.

არნოლდ ლობელის ბაყაყი და გომბეშოს სერიამ ძალიან ბევრს შეაყვარა კითხვა. ბავშვები აღმერთებენ ამგვარ მახვილგონივრულ და კეთილ ამბებს. ბაყაყი მომთმენი და მოკრძალებული პერსონაჟია, გომბეშო კი - პირიქით. მაგრამ ერთად ისინი ისეთ პრობლემებს აწყდებიან, რომლებიც ყველა ბავშვისთვის ნაცნობია: ნაყინი, რომელიც ზედმეტად სწრაფად დნება, დაკარგული ღილები, მოუთმენლობა და სხვა უამრავი გაურკვევლობა, მღელვარება თუ ტრიუმფი. არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ამ წიგნების ხმამაღლა კითხვა მოსწყენია (მინახავს, როგორ წასკდომიათ ზრდასრულ კაცებს სიცილისგან ცრემლები ბაყაყის და გომბეშოს დავიდარაბების მოსმენისას). ძილის წინ კითხვა უსაფრთხოების განცდასა და სიახლოვეს აღვივებს და მეტ ურთიერთგაგებას ავითარებს. ამასთან, წიგნები ასე ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა. ჰოდა, რა გვაკავებს?!

3. მაიკლ მორპურგო

(2003-2005 წლების ბავშვთა ლაურეატი)

მშობლებს ყოველთვის არ აქვთ ბავშვებისთვის საკითხავად დასათმობი დრო, ამიტომ ეს სკოლიდან უნდა დაიწყოს. სასკოლო დღის ბოლოს, სულ ნახევარი საათი მაინც რომ ამბების მოსმენის დროდ გამოცხადდეს, გადასარევი იქნება. წიგნების კითხვა ჩვევად იქცევა და მასწავლებელსაც ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ჩუმ და მყუდრო გარემოში თავისი საყვარელი ისტორიები გაუზიაროს მოსწავლეებს.

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

კითხვა წამალი არ არის. არ არსებობს ერთი წიგნი, რომელიც ყველა ბავშვისთვის ერთნაირად საინტერესო იქნება; იმიტომ, რომ ყველა ბავშვი თავისებურია. განძის კუნძული პირველი ნამდვილი წიგნი იყო, რომელიც ჩემით წავიკითხე და ის შთაგონების დიდი წყაროდ მექცა. ჩემს თავს ჯიმ ჰოკინზთან ვაიგივებდი და კითხვისას თითქოს ამ წიგნში გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობდი. რობერტ ლუის სტივენსონი ჩემს გმირად იქცა და სწორედ განძის კუნძულით დაიწყო გამოგონილ ამბებში ჩემი ხანგრძლივი მოგზაურობა.

სულ პატარებისთვის ჯუდიტ კერის ჩაისთვის მოსულ ვეფხვს გირჩევდით, ცოტა მოზრდილებისთვის კი ჟან ჟიონოს კაცი რომელიც ხეებს რგავდას. ეს წიგნი 8-დან 80 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მასში გატარებული ჰუმანურობის იდეა მიყვარს და ის, თუ როგორ შეუძლია ერთი ადამიანის ძალისხმევას უამრავთა მომავლის შეცვლა. ეს წიგნი იმედის არდაკარგვის მნიშვნელობას გვასწავლის.

4. ჟაკლინ უილსონი

(2005-2007 წლების ბავშვთა ლაურეატი)

როდესაც პატარა გოგო ვიყავი, დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, წიგნებიდან თავი ამომეყო და რამე სასარგებლო გამეკეთებინა. სკოლაშიც მასწავლებლები კითხვისთვის მყუდრო, მოფარებული ადგილებიდან მაყენებდნენ და სათამაშო მოედანზე მიშვებდნენ სარბენად. ამან კითხვა ჩემთვის კიდევ მეტად სასურველი გახადა! ლამისაა, გირჩიოთ, ბავშვებს უთხრათ, კითხვას მთლიანად შეეშვან - მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს რეალურად იმუშავებს.

პატარებისთვის ამბების ხმამაღლა წაკითხვით ჩვენ მათ ვეხმარებით, რომ წიგნი გართობასთან, სიამოვნებასთან და ყურადღების გამოვლენასთან გააიგივონ. 2-3 წლის ბავშვების უმრავლესობას მშობლების მუხლებზე მოკალათება, ილუსტრაციებისკენ თითის გაშვერა და მრავალგზის მოსმენილი ამბის თხრობაში ჩართვა უყვარს. მაშინაც კი, როდესაც ისინი უკვე კითხვას სწავლობენ, მაინც საოცრად სიამოვნებთ ისეთი დიდტანიანი, შედარებით რთული, მაგრამ თავგადასავლებით სავსე წიგნის მოსმენა, რომელსაც მარტო არ შეეჭიდებოდნენ.

მორის სენდაკის იქ, სადაც ველური არსებები ცხოვრობენ დამწყები მკითხველებისთვის ზედგამოჭრილი წიგნია, რომელიც ყველა ბავშვს დააინტერესებს. ამ წიგნის მერე, იმედია, მათთვის კითხვა დაუსრულებელ, ჯადოსნურ თავგადასავლად იქცევა.

5. მაიკლ როზენი

(2007-2009 წლების ბავშვთა ლაურეატი)

ერიხ კესტნერის წიგნზე, ემილი და დეტექტივები, ვიყავი შეყვარებული. ემილს დედა ფულს აძლევს და დეიდასთან და ბებიასთან ბერლინში აგზავნის, მაგრამ გზად, მატარებელში ყოფნისას, მას ფულს ჰპარავენ... ჩახლართული და დაძაბული სიუჟეტის გამო ეს წიგნი ბავშვობაში ჩემი ფავორიტი იყო, ზრდასრულობაში კი სხვებს ვასწავლი მისით.

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება დაწყებით სკოლებში ცოდნის გამოცდის ზედმიწევნით გაწერილი და სწორხაზოვანი ფორმატის არსებობაა. ეს მასწავლებლებს ხელს უშლის, ლაღად უკითხონ ამბები ბავშვებს და მერე წაკითხულზე თავისუფლად იმსჯელონ. ტესტები ვიწრო, კი-არა სტილის კითხვებითაა სავსე. თუ სკოლებისთვის თავისუფალი კითხვის ისეთი პროგრამა დაინერგება, რომელიც ბავშვებს შეუზღუდავად მსჯელობისა და კითხვისგან სიამოვნების მიღების საშუალებას მისცემს, ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პროგრამამ უნდა ჩართოს ყველა - მშობლები, ბებია-ბაბუები და მომვლელებიც, რათა ეს ტრადიცია სკოლის კედლებს გარეთაც გავრცელდეს. წიგნების მოძიებასა და არჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დამწყები მკითხველებისთვის - ეს მათ ასწავლის, როგორ შეიძლება იქცეს კითხვა ყოველდღიურობის ნაწილად და რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას ჩვენს ცხოვრებაზე. მათთვის, ვინც კითხვას ახლა იწყებს, რეკომენდაციას გავუწევ ჯულია დონალდსონის გრუფალოს. ეს სახალისო და, ამავდროულად, დაძაბული სიუჟეტის მქონე ამბავია და ყოველი ხელახალი წაკითხვისას უკეთესი და უკეთესი ხდება. ეს ყველაფერი კი აქსელ შეფლერის ილუსტრაციებისა და ჯულიას ტექსტის იდეალური რიტმისა და რითმას დამსახურებაა.

6. ენტონი ბრაუნი

(2009-2011 წლების ბავშვთა ლაურეატი)

ბავშვობაში კომიქსებით ვიყავი გატაცებული. ერთ-ერთი კი განსაკუთრებით მახსოვს - წიგნის ფორმატში გამოცემული კომიქსი, სახელად ფაჯი ირისის ქალქში იყო. ეს საბავშვო სიურეალიზმია: ირისის ქალაქი მთლიანად ტკბილეულობისგანაა ნაშენი, მდინარეებში კი ლიმონათი მოედინება. იმ დროს ეს სამყარო ძალიან ლამაზი მეჩვენებოდა, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ომის შემდგომი ხელმომჭირნეობის ხანა იდგა.

ბავშვებთან საუბარი, მათი მოსმენა და ერთად სიცილი დროის ერთად გატარების უმნიშვნელოვანესი გზებია; წიგნი კი, როცა მის კითხვაში ორნი მონაწილეობთ, ისეთივე ჩამთრევი შეიძლება იყოს, როგორიც სათამაშო ან ეკრანი. ილუსტრირებულ წიგნებს ბავშვსა და ზრდასრულს შორის ბევრი საინტერესო დიალოგის დაბადება შეუძლია. შეხედეთ ნახატებს და ბავშვთან ერთად განიხილეთ გმირების სახის მიმიკები, სხეულის ენა ან მათი დგომა სხვა გმირებთან მიმართებაში. ეს რეალურ ადამიანებზე დაკვირვების მსგავსია: როგორ სახლში ცხოვრობენ გმირები? ბედნიერიები არიან თუ სევდიანები? ნახატებში ერთი შეხედვით შეუმჩნეველი მინიშნებები თუ ჩანს? ეს, უბრალოდ, ჩემი, როგორც მწერლის, ილუსტრატორისა და მშობლის პოზიციიდან ნათქვამი რჩევებია, მაგრამ, რა თქმა უნდა, წესები არ არსებობს.

ფოტო: Owen Gatley / The Guardian

7. ჯულია დონალდსონი

(2011-2013 წლების ბავშვთა ლაურეატი)

როდესაც ხუთი წლის ვიყავი, ათასი პოემის წიგნი მაჩუქეს. მახსოვს, დიდი, სქელი წიგნი იყო. მიყვარდა მამაჩემთან ერთად პოემების კითხვა, სწავლა და მერე ზეპირად თქმა. ამან მიბიძგა, პოემები ჩემითაც მეწერა.

როდესაც ბავშვები კითხვას სწავლობენ, მათთვის ძილის წინ კითხვის რიტუალი ხანდახან წარსულს ბარდება ხოლმე. ვფიქრობ, ეს არასწორია. იმ ეპოქაში, როცა სულ მეტი ბიბლიოთეკა იკეტება და საბავშვო წიგნების რეცენზიებს სულ უფრო ცოტა ადგილს უთმობენ, პატარებისთვის საინტერესო წიგნების პოვნა მეტად რთული ხდება. ნებისმიერი ასაკის ბავშვს უყვარს, ჩამთრევ ამბებს რომ უკითხავენ და, ვფიქრობ, ძილის წინ მოსასმენად სერიული ამბავის შერჩევა კარგი იდეაა (და თუ კითხვას ყველაზე დაძაბულ მომენტში შეწყვეტთ, იქნებ მეორე დილით შვილის საბნის ქვეშ ფარანიც კი აღმოაჩინოთ).

ადრე ჩემი ბავშვების საყვარელი მოთხრობების წაკითხვისას აუდიო ჩანაწერებს ვაკეთებდით, რათა მერე მანქანაშიც მოესმინათ. თუ ეს ზედმეტ თავის ტკივილად გეჩვენებათ, ინტერნეტში ბევრი არაჩვეულებრივი აუდიო გამოცემის პოვნაა შესაძლებელი. რეკომენდაციას გავუწევ ფრენკ კოტრელ-ბოისის წიგნს, მილიონები. მასში მოთხრობილია ორ ძმაზე, რომლებიც ჩანთით სავსე ფულს იპოვიან და ის სულ რაღაც ორ დღეში უნდა დახარჯონ.

8. მელორი ბლექმენი

(2013-2015 წლების ბავშვთა ლაურეატი)

ადრეული ასაკიდანვე ინსტიქტურად ვგრძნობდი კარგი ამბების მნიშვნელობას. კლაივ სტეიპლზ ლუისის ვერცხლის სავარძელი გვასწავლის, რომ საკუთარი თავის რწმენა მაშინაც კი არ უნდა დაკარგო, როცა გარშემომყოფები დაგცინიან. იმ დროს ეს ზუსტად ჩემთვის განკუთვნილი გზავნილი იყო, რომელიც დღემდე ჩემთან დარჩა.

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

თუ გვინდა, ბავშვებმა ურთიერთგაგება და თანაგრძნობა ისწავლონ და განვითარდნენ, მაშინ უნდა წავახალისოთ, რომ სიამოვნებისთვის იკითხონ. დაანახეთ ბავშვებს, რომ თქვენც კითხულობთ. თავად წაუკითხეთ მათ. მათ წააკითხვინეთ თქვენთვის. არ გააკრიტიკოთ იმისთვის, თუ რას კითხულობენ ან რა სისწრაფით. ბავშვობისას თუ წაკითხული აბზაცი ან გვერდი ძალიან მომეწონებოდა, კიდევ ბევრჯერ ვუბრუნდებოდი და თითოეულ სიტყვასა და შინაარსს ვაგემოვნებდი. სიამოვნებისთვის კითხვის ხიბლი, სწორედ რომ, იმაშია, როცა ამბავს შენ მიერ არჩეული ტემპით განვითარების საშუალებას აძლევ. არ დასცინოთ ბავშვების არჩევანს. წაახალისეთ, რომ მეტი ისეთი წიგნი იკითხონ, როგორიც მოსწონთ და თან თქვენც შესთავაზეთ ის წიგნები, რომლებიც თაროებზე მათთვის იცდიან. მოზრდილ ბავშვებს ალან მურის V ანუ ვენდეტას ვურჩევდი, დევიდ ლოიდის ილუსტრაციებით. სიამოვნებისთვის კითხვა უამრავ კარს აღებს იმ სამყაროში, რომელიც თითქოს სულ უფრო მეტადაა მათი დაკეტვისკენ მომართული. წიგნები და სიყვარული გაზიარებისთვისაა შექმნილი.

9. კრის რიდელი

(2015-2017 წლების ბავშვთა ლაურეატი)

წიგნების ბავშვებამდე მიტანის პროცესში ყველაზე დიდი დაბრკოლება სკოლებში ბიბლიოთეკარის არარსებობაა. მათ უნდა ურჩიონ ახალი და საინტერესო წიგნები ბავშვებს - ისინი არიან ახალი სამყაროების კარიბჭესთან მდგარი მეგზურები, რომლებსაც შეუძლიათ, ბავშვებს წიგნების ფურცლებზე მცხოვრები გმირების სახით ახალი მეგობრები შესძინონ. როდესაც ლაურეატი ვიყავი, მიზნად დავისახე, ხალხისთვის ბიბლიოთეკართა მნიშვნელობა დამენახებინა და იმის მომსწრეც არაერთხელ გავხმდარვარ, როგორი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ საკლასო ოთახებში მჯდომ მოსწავლეებზე. მათი ცოდნა აბსოლუტურად ფუნდამენტალურია იმისათვის, რომ ბავშვები სიამოვნებისთვის კითხვას დაეჩვიონ.

ფოტო: Little, Brown and Company

დაბალი ხელფასების გამო ბიბლიოთეკარად მუშაობა ბევრს არ სურს, რაც ნამდვილი ტრაგედიაა პატარა მკითხველებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ გააცნობიეროს, როგორ არსებით როლს ასრულებენ ეს ადამიანები სოციუმში, რადგან ისინი არა მხოლოდ სკოლებში, არამედ საჯარო ბიბლიოთეკებშიც წიგნებამდე მიმავალ გზას გვიხსნიან. თინეიჯერი რომ ვიყავი, ჩემმა სკოლის ბიბლიოთეკარმა ჯერომ სელინჯერის კლდის პირზე, ჭვავის ყანაში... მირჩია. ამ წიგნის გარეშე, არ ვარ დარწმუნებული, რომ იქ ვიქნებოდი, სადაც დღეს ვარ.

10. ლორენ ჩაილდი

(2017-2019 წლების ბავშვთა ლაურეატი)

ფოტო: დიოგენე

სკოლის გადატვირთული გრაფიკის გამო კითხვისათვის ან, უბრალოდ, დასვენებისთვისაც კი არ რჩება დიდი დრო. დღის განმავლობაში დასაჯდომად და წიგნებსა და გამოგონილ ამბებზე სასაბუროდ ვეღარავინ იცლის. ბავშვები ისტორიათა მოსმენას და წიგნების გარემოცვაში ყოფნას უნდა მიეჩვიონ; ისინი წიგნებიან გარემოს უნდა გაუშინაურდნენ და მათთან შეხების და ილუსტრაციათა დათვალიერების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ამის მიღწევა ბიბლიოთეკაში სიარულით, საკლასო ოთახებში წიგნების განთავსებით ან ავტორებისა და ილუსტრატორების სკოლებში მიწვევით შეიძლება.

როდესაც პატარები ვიყავით, მშობლებს გალერეებში დავყავდით, რამაც ილუსტრაციების დათვალიერების სიყვარული ჩამოგვიყალიბა. უმეტესწილად, ადამიანები იმ ერთ წიგნს ახსენებენ ხოლმე, რომელმაც კითხვა შეაყვარათ. ჩემთვის ასეთი პეპი გრძელწინდა იყო. მე ეს პერსონაჟი პატარაობისას შემიყვარდა და დღემდე მიყვარს.

ამავე თემაზე:

3 ქართული წიგნი, რომლითაც ბავშვებს კითხვას შეაყვარებთ