ისრაელში საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს მოქალაქეები დააკავა. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში განმარტავენ, რომ მათი ინფორმაციით, ისინი არალეგალურად იყვნენ ისრაელის ტერიტორიაზე და ეს გეგმიური შემოწმება იყო.

"ამ გეგმიური შემოწმებისას იყვნენ უცხო ქვეყნის ისეთი მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ ლეგალური ყოფნის უფლება. რამდენიმე აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე", — ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ამ თემაზე კომუნიკაცია ისრაელთან და არც ის იციან, თუ რამდენი მათგანია დაკავებული. პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ ეს ინფორმაცია თავად მედიასაშუალებებიდან გაიგეს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათ დაუკავშირდნენ ემიგრანტები ისრაელიდან და უთხრეს, რომ ისრაელის ხელისუფლება დაკავებულებს ქვეყნის ტერიტრიაზე უკანონოდ ყოფნას ედავება. ემიგრანტების ცნობით, სამართალდამცველებმა ისრაელში არალეგალურად მყოფი ქართველების ნაწილი პირდაპირ სამუშაო ადგილებზე დააკავა.