სექსუალური ორიენტაციის ნიშნის გამო შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმეზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაცხადება გაავრცელა.

უწყების ცნობით, 2019 წლის 22 მაისს ბათუმის საქალაქო სამმართველოში
დაიწყო გამოძიება მოქალაქის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ბრალდებული სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მომჩივანს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული მუქარა გამოწვეული იყო მომჩივანის მიერ ლგბტ+ თემთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ტელე-გადაცემაში მონაწილეობით", — ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

ბრალდებულ წარედგინა ბრალდება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენისათვის, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.