სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ახალმა მოადგილემ, მომღერალმა, ზურაბ ხაჩიძემ განაცხადა, რომ ძირითადად კულტურის, სპორტისა და საგანმანათლებლო მიმართულებით იმუშავებს. On.ge-სთან საუბარში მან აღნიშნა, რომ სურს, რეგიონს საკუთარი გამოცდილება მოახმაროს.

"25 წელია სცენაზე ვარ და მინდა, რეგიონს ჩემი გამოცდილება მოვახმარო. რა თქმა უნდა, რწმუნებულს აქვს საკუთარი პროექტები, რომელშიც გვერდით დავუდგები. ის პოტენციალი, რომელიც მე გავიარე სცენაზე მენეჯმენტის თვალსაზრისით, მინდა, რეგიონსა და მის პოპულარიზაციას მოვახმარო", — აღნიშნა ხაჩიძემ.

მისივე თქმით, გუბერნატორსა და რეგიონული სამსახურის უფროსს ერთი კვირის წინ შეხვდა და მათთან გასაუბრება გაიარა:

"ალბათ, გამოცდილება, რომელიც მე მაქვს გავლილი, მათ ძალიან წაადგებათ. მერწმუნეთ, გაცილებით მეტს ვიღებდი სიმღერით, მიზერულ ხელფასზე წამოვედი იმისთვის, რომ გამოვადგე ჩემს რეგიონს და მეტი საქმე გავაკეთო".

უახლოეს მომავალში ზურა ხაჩიძე ბორჯომში საცხოვრებლად გადასვლას აპირებს. რაც შეეხება მომღერლის კარიერას, გუბერნატორის ახალი მოადგილე ამბობს, რომ ამ მხრივ აქტიურობას არ აპირებს და მხოლოდ იშვიათი გამონაკლისების შემთხვევაში იმღერებს.

"ჩემს ქვეყანას თუ დასჭირდა სიმღერითაც ვიმღერებ, პრობლემა არაა", — აღნიშნა ხაჩიძემ On.ge-სთან საუბრისას.

ზურაბ ხაჩიძის გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხაჩიძე პატრიოტთა ალიანსიდან ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. შემდგომში კი ის და მისი ოჯახის წევრები საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.