11-მა ბიზნესგაერთიანებამ ფინანსთა მინისტრს, ვანო მაჭავარიანს წერილით მიმართა. წერილის მიხედვით, ბიზნესმენებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა 31 მაისს გამოქვეყნებული ბრძანება, რომელიც მთელი რიგი შეღავათების გაუქმებას ეხება იმპორტიორი კომპანიებისთვის.

ბიზნესმენები მინისტრისგან ითხოვენ განმარტებას გადაწყვეტილებების მიღების მიზეზებთან და არგუმენტაციასთან დაკავშირებით. მათ სამი კითხვა აქვთ:

  • რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი და რა არგუმენტაცია არსებობდა მის სასარგებლოდ;
  • რა არის მისი მიზანი, რა სარგებელი უნდა მიიღოს სახელმწიფომ;
  • რა იყო ამ გადაწყვეტილებების მყისიერად მიღების საფუძველი.

საბაჟო გადასახადის ვადის შემცირება ე.წ. ოქროს სიის კომპანიებისაც შეეხო. რაც ნიშნავს, რომ გადახდის ვადა 30-დან 5 დღემდე მცირდება. ე.წ. ოქროს სიაში 217 მსხვილი კომპანიაა გაერთიანებული. სამინისტროს განცხადებით, ვადის შემცირება ყველა კომპანიას თანაბარ პირობებში ჩააყენებს.

ახალი რეგულაცია აქციზური საქონლის მიმართ 12 ივნისიდან ამოქმედდება, ხოლო სხვა შემთხვევაში 2 ივლისიდან. ე.წ. ოქროს სიის მონაწილის კუთვნილ, სეს ესნ-ის 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ხორბალზე კვლავ იმოქმედებს იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა.

ბიზნესომბუდსმენის თქმით, ივანე მაჭავარიანი პრინციპულ პოზიციაზეა და საბაჟო გადასახადის ძველი ვადის დატოვებას არ აპირებს. მისივე თქმით, მოლაპარაკებებს მთავრობასთან გააგრძელებენ.

ლექვინაძე განმარტავს, რომ მინისტრის ბრძანებაში ეს ცვლილება ბიზნესისთვის სიურპრიზი იყო. მისი თქმით, "მტკივნეული საკითხი" ისაა, რომ ინფორმაცია პოსტფაქტუმ მიიღეს, ფინანსური მოდელის გადაწყობა კი რთულია.

თავად ბიზნესმენები აცხადებენ, რომ მინისტრი კომიტეტის ღია სხდომაზე უნდა მივიდეს, რომელსაც თავადაც დაესწრებიან. მათი თქმით, პარლამენტმა ორივე მხარის პოზიცია უნდა მოისმინოს და გადაწყვეტილება ასე მიიღონ. მინისტრს პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობაც იწვევს.