თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჟვანიას ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ვარაზისხევის ზედა ნაწილში მშენებლობა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება.

მისი თქმით, მიიღეს კრიტიკა, რომ ამ არეალში ძალიან ბევრი სამშენებლო მოედანი იყო მშენებლობისთვის გამზადებული, რის გამოც სამშენებლო ნებართვები გააჩერეს და კვლევა ჩაატარეს.

"დავუკვეთეთ კვლევა, რომ გაგვეგო რეალურად არის თუ არა საფრთხის შემცველი ფერდები და ქუჩები. არავისთვის საწყენი არ უნდა იყოს, რატომ არ ხდება ნებართვების გაცემა. როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება, უკომპრომისო ვიქნებით და ვერ დავუშვებთ ისეთ ადგილებში მშენებლობის ნებართვის გაცემას, რომელიც შეიძლება სამომავლოდ პრობლემა იყოს. შესაბამისად, მშენებლობა ამ კონკრეტულ არეალში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, 200 ჰექტარზე ჩატარდა ჟვანიას ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის და ფერდების კვლევა და უარყოფითი მოლოდინი დადასტურდა.

"განსაკუთრებით, საუბარია მარჯვენა ფერდის მდგრადობაზე. ახალი მენეჯმენტის დროს, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა და დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა შეუსაბამოდ გამოცხადდა. კვლევამ დაადასტურა, რომ სწორად მოვიქეცით, როდესაც გამზადებული სამშენებლო ნებართვები არ გავეცით, რადგანაც პრობლემა შეიძლება შეექმნას ყველა იმ პროექტს, რომლის განხორციელებაც მარჯვენა ფერდზე იყო გადაწყვეტილი", — განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, დამატებითი ზომები იქნება მიღებული მარჯვენა ფერდზე უკვე აშენებულ ობიექტებთან მიმართებით, მათ შორის ქვათა ცვენის წინააღმდეგ.