13 ივნისს ეკრანებზე ახალი ფილმი Men In Black 4 გამოდის, რომლის პროდიუსერებიც ვოლტერ პარკსი და ლორი მაკდონალდი არიან. შეგახსენებთ, რომ რიდლი სკოტის საკულტო ფილმის, Gladiator-ის პროდიუსერებიც სწორედ ეს ადამიანები იყვნენ. MIB4-სთვის გამართულ ერთერთ პრეს-ტურზე მათ განაცხადეს, რომ რიდლი სკოტთან და სცენარისტ პიტერ კრეიგთან ისევ თანამშრომლობენ და ახალი ფილმის გადაღება სურთ. Gladiator 2 პირველი ფილმის სიქველი იქნება, სადაც მოქმედება 25-30 წლის შემდეგ ვითარდება.

გლადიატორი ოსკარის 12 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მათ შორის ორიგინალური სცენარისთვის, საუკეთესო მეორე ხარისხოვანი მამაკაცის როლისთვის (ხოაკინ ფენიქსი) და საუკეთესო რეჟისურისთვის. ხუთი პრიზი კი მოიგო კატეგორიებში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი კაცი, საუკეთესო ვიზუალური ეფექტები, საუკეთესო კოსტუმების დიზაინი და საუკეთესო ხმის მიქსინგი.

მეორე ფილმის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. უცნობია, თუ როგორ გაგრძელდება სიუჟეტი, ვინ იქნება მთავარი გმირი და როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა მოლოდინისთვის მიზეზი ნამდვილად გვაქვს.