მალხაზ მაჩალიკაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტთან ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. TV პირველთან საუბრისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხელმოწერებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეაგროვებს, წაიყვანს მოხალისეებს და ასიათასობით ხელმოწერას შეაგროვებს, ის ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში პარლამენტი იძულებული იქნება საგამოძიებო კომისია შექმნას.

"დღევანდელ პარლამენტში უმრავლესობამ ჩემი უფლებები დაარღვია, საერთოდ ყურადაც ვერ მიიღეს ეს მოთხოვნა, მე რას ვითხოვ, არ არის სასამართლო, არ არის ხელისუფლება, არ არის პროკურატურა და მივმართე პარლამენტს, თქვენ მაინც როგორმე დამიდექით გვერდით და გავაგებინოთ საბოლოოდ ხალხს საქართველოში, რომ სახელმწიფოს აქვს ჩადენილი სასტიკი დანაშაული. მე ვითხოვ, გამეცით პასუხი, დასაჯეთ ის ადამიანები და აღიაროს სახელმწიფომ შეცდომა", — აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმანს პარალმენტმა მხარი 29 მაისს არ დაუჭირა. კომისიის შექმნას ნაციონალური მოძრაობა ითხოვდა, დადგენილებას მხოლოდ 30 მომხრე ჰყავდა, მის მისაღებად კი 50 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

სპეცოპერაცია პანკისში

2017 წლის 21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად სუს-მა დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი და სამი წევრის ლიკვიდირება მოახდინა.

რამდენიმე კვირის შემდეგ, 26 დეკემბერს, პანკისში, ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ის ვერსიას არ იზიარებს და ამბობს, რომ თემირლანი მოკლეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სპეცოპერაციის ღამეს მათთან სუს-ის უფროსის მაშინდელი მოადგილე სოსო გოგაშვილი იყო ჩასული და ემუქრებოდა. გოგაშვილი 21 აგვისტოს მოულოდნელად თანამდებობიდან გადადგა.