პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვალების განულების პროგრამის დაანონსება გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას უკავშირდება. კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციას ამ ინიციატივის წართმევის მცდელობა ჰქონდა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ TV პირველის ეთერში გადაცემა რეაქციაში ისაუბრა. ინგა გრიგოლიას კითხვა, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნას ეხებოდა, სადაც ვალების განულების პროგრამის, საარჩევნო პერიოდში დაანონსებაა გაკრიტიკებული.

"ეს პროექტი განიხილებოდა და ამის თაობაზე დააანონსა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე თვით ადრე. უცბად მიუვიდა ნაცმოძრაობის ოფისს ჭორი იმის შესახებ, რომ ჩვენ ვაპირებდით ამის დაანონსებას პირველი ტურის შემდეგ კონკრეტულ დღეს, რაც იყო არასწორი ინფორმაცია. ჩაატარა მეორე დღეს ბრიფინგი მათმა პრეზიდენტობის კანდიდატმა და გამოაცხადა, აბა თუ ბიჭები ხართ ხვალ გაანულეთ ვალებიო. მეორე დღეს გამოვიდა მამუკა ბახტაძე და თქვა, ბიჭები ვართ და გავანულეთ ვალებიო. მათ რომ არ გაეკეთებინათ ეს განცხადება, მეორე ტურამდე არ ვაპირებდით ჩვენ. გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს", — თქვა ირაკლი კობახიძემ.

19 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცხრა დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ ინიციატივა გააჟღერა. მამუკა ბახტაძის თქმით, პროექტის ღირებულება სულ 1,5 მილიარდი და სრულ ღირებულებას ფონდი ქართუ დაფარავს.