დღეს, 11 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ბოლომდე მიიყვანს [ანაკლიის] პორტის პროექტს. მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე პრემიერთან ჰქონდა კომუნიკაცია. პომპეოს თქმით, პორტი გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და თავიდან აარიდებს რუსულ და ჩინურ ეკონომიკურ ზეგავლენას.

"სწორედ ეს მოჩვენებითი მეგობრები საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებენ. საქართველოს განვითარება, როგორც თავისუფალი სახელმწიფოს, საბჭოთა კომუნიზმის გავლენის შემდეგ, ამტკიცებს, რომ ის სწორ გზაზე დგას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ გზაზე თქვენი კარგი პარტნიორები ვართ", — თქვა მაიკ პომპეომ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, 11 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. პრემიერი ამერიკაში 5-14 ივნისს სხვადასხვა შეხვედრებს მართავს. ის უკვე იმყოფებოდა კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის პოტენციალზე ისაუბრა.

თიბისის საქმე და ანაკლიის პორტი

ანაკლიის პორტის სამომავლო განხორციელებასთან დაკავშირებით კითხვები თიბისი ბანკის საქმემ გააჩინა. თიბისი ჰოლდინგ საქართველო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წევრია. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ფულის შესაძლო გათეთრებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ივარაუდეს, რომ ეს პროცესები ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლისკენ იყო მიმართული. პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 7,29 პროცენტით შემცირდა, რეალურ თანხაში ეს მაჩვენებელი 55 მილიონზე მეტი გირვანქა სტერლინგია.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე.

მოგვიანებით, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თქვა, რომ თიბისის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური ფონი, კერძო ინვესტორებს "მინიმალური კაპიტალის" შეგროვებას ურთულებს "ანაკლიის პროექტის დასაძრავად".

ანაკლიის ღრმაწყლოვან პროექტზე მუშაობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ 2016 წელს დაიწყეს. პროექტის მიხედვით, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ის 3 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე იქნება გაშლილი, რომელსაც 32 ნავმისადგომი ექნება. ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა, წელიწადში, 100 მლნ ტონა იქნება. პორტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული.