"კურიერს არ ვუყურებ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მაგის დრო ნამდვილად არა მაქვს, 24 საათი ვართ საქმის კეთებაში. ვინც უყურებს, უყუროს იმ ადამიანებმა, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს", — ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვას. მისი თქმით, თბილისში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას აწვდიან, ამიტომ არ აქვს იმის საჭიროება, რომ კურიერს უყუროს.

კალაძის ამ რეპლიკას წინ უძღოდა საუბარი ბილდინგ დეველოპერის დირექტორის, ალექსი სუხიაშვილის დაკავების შესახებ, რომელიც სუს-მა შაბათის კურიერის რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ დააკავა. რუსთავი 2-ის ჟურნალსიტმა მერს უთხრა, რომ ოპოზიციას აქვს მოსაზრება, რომ ის და მისი მოადგილე მფარველობენ ამ კომპანიას, ასევე, მიაჩნიათ, რომ ეს ირაკლი ღარიბაშვილის შურისძიებაა. კალაძემ პასუხად განაცხადა, რომ ტელევიზიამ და ოპოზიციამ "ცოტა უფრო დამაჯერებელი ტყუილები" უნდა მოიფიქროს.

შპს ბილდინგ-დეველოპერის დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. ამ საქმეზე გამოძიება 2018 წლის 14 დეკემბერს დაიწყო. ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, 2017 წლის 8 აგვისტოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ბილდინგ-დეველოპერს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში წყლის ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით.